ამის შესახებ მიხეილ სოხაძემ “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა მცირე მეურნეობების გამსვხილება და საზოგადოებაში პირუტყვისადმი მიდგომის შეცვლაა.
“ყველაზე რთული, რაც ქვეყანაში ვერ კონტროლდება, თავისი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ეს გახლავთ პირველადი წარმოება – ფერმა. საოჯახო მეურნეობები ქვეყანაში 90%-ია და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში იმაზე მეტი ფერმერია, ვიდრე გერმანიაში და საფრანგეთში ერთად. ეს ძალიან ართულებს კონტროლს. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი გჭირდება, რომ გააკონტროლო, სად იკვებებიან ცხოველები, როგორ და რანაირად.
მცირე საოჯახო მეურნეობები უნდა გამსხვილდეს. სულ არ გჭირდებათ ძროხის ანატომიის ცოდნა, გაზაფხულზე რომ დაინახავ ყველა ძვალს დაუთვლი, იმდენად არ აქცევენ ყურადღებას [ცხოველს]. კანონმდებლობაშიც “საქონელი” გვიწერია სიტყვა, “საყოლელიც” კი არა, ცოცხალ ორგანიზმადაც კი ვერ აღვიქვამთ, იმდენად არასწორი წარმოდგენა არის საზოგადოებაში. “ცხოველთა კეთილდღეობის” ხსენებაც კი ეშინიათ და ერიდებათ ზოგჯერ, არადა როგორ გამოკვებავ, მიხედავ, დაკლავ – ადამიანის ჯანმრთელობასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული”, – განაცხადა FAO-ს პროექტის მენეჯერმა.
მისივე თქმით, ხორცისა და რძის წარმოებაში მთავარი პრობლემა ცოდნის დეფიციტია, რაც ცხოველის თვითნებური მკურნალობისას ყველაზე მეტად იჩენს თავს.
“მაგალითად რომ ავიღოთ, ცხოველში მასტიტების გამომწვევი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მერე არც უკავშირდებიან ვეტერინარს, ზოგჯერ არც იციან, ან თავად მკურნალობენ ანტიბიოტიკით. ანტიბიოტიკების გამოყენება პრობლემა არ არის, უბრალოდ სწორად უნდა გამოიყენო, დროის შუალედი უნდა დაიცვა, თორემ მერე რძეში ანტიბიოტიკიც ხვდება, ჩირქიც, და მერე იმ რძეს არც ადუღებენ, რადგან ყველი აღარ ამოდის და ა.შ.
საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ჩვენ მივიღეთ შუა საუკუნეების გლეხობა, რომელსაც ფერმერის ცოდნა აღარ აქვს… თვითონ კი არ უნდათ, რამე დააშავონ, უბრალოდ არ იციან, აკეთებენ რასაც მათი მამა-პაპა აკეთებდა და უშვებენ ანტიბიოტიკებს პრევენციისთვის, ამ დროს არც ის ანტიბიოტიკები გადადის საბოლოო პროდუქტში. ურთულესი თემაა ანტიბიოტიკები და ამის კონტროლიც ცალკე თემაა. ფერმაში დაშვებული ეს შეცდომა, ანტიბიოტიკების არასწორი მოხმარება, რაც არ უნდა ფილტროთ, წამოადუღოთ და ა.შ. საბოლოო პროდუქტში მაინც იჩენს თავს, ვერ ასცდებით, გამორიცხულია”, – აღნიშნა მიხეილ სოხაძემ.