“საქართველოში პროდუქტის რეალიზება ძალიან რთულია”, – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში “ქალების ნარატივი” საწარმოს “ფეიქარი” დამფუძნებელმა, ეკა ბუგიანიშვილმა განაცხადა.
„ფეიქარი“ საოჯახო ტიპის მცირე ბიზნესია, რომელიც 2021 წელს დაფუძნდა. როგორც ბუგიანიშვილი განმარტავს, საწარმო ძველ, ვინტაჟურ ქსოვილებს ახალ სიცოცხლეს სძენს და მათგან ხელით დამზადებულ ჩანთებს, თმის სამაგრებსა და სხვა აქსესუარებს ქმნის. ყველა პროდუქტი უნიკალურია და ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან მზადდება.
„სრულად ოჯახის წევრები ვართ დასაქმებული და საწარმოც სახლში გვაქვს მოწყობილი. კომერციული კუთხით ძალიან კარგი შედეგები არ გვაქვს, რადგან საქართველოში მსგავსი ტიპის პროდუქტის რეალიზება რთულია. მით უმეტეს, რომ მასზე გათვლილი წარმოება არ არის ჩვენი მიზანი, ეს შეუძლებელიცაა ვინაიდან ქსოვილები ლიმიტირებულია.
გვირჩევნია, რომ მცირე მასამ შეიძინოს, ვიდრე მასიური საწარმო გახდეს. ეს შეუძლებელიცაა, რადგან არ ვიცით, საბჭოთა ქსოვილების შეძენას სადამდე შევძლებთ. თუმცა, სამომავლო პერსპექტივაში დეფიციტის ფონზე რა შეიძლება გავაკეთოთ, ამაზე იდეებიც გვაქვს“, – ამბობს საწარმოს დამფუძნებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აქცენტი ადგილობრივ ბაზარზე კეთდება, “ფეიქარი” უკვე ცდილობს ევროპულ სივრცეშიც შეაღწიოს. ეკა ბუგიანიშვილმა ეთერში აღნიშნა, რომ მათი პროდუქცია უკვე განთავსებულია გერმანიაში, ორ მაღაზიაში და მომავალში ევროპული მიმართულებით გაფართოებასაც გეგმავენ.