საქართველოში სასტუმროებს არასაკმარისი ტურისტების რაოდენობა აწუხებს და სტკივა – HMG

HORECA Management Group-მა კანადაში წარმომადგენლობა გახსნა

კომპანია HORECA Management Group-ის დამფუძნებელი გიორგი პაპიაშვილის შეფასებით, საქართველოში სასტუმროებს ყველაზე მეტად არასაკმარისი ტურისტების რაოდენობა სტკივათ. დარგის წარმომადგენელი BMG tv-ის გადაცემა „წერტილში“ აცხადებს, რომ პირველ კვარტალში ტურისტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა მიწოდებას ვერ აჭარბებს, რაც გარკვეულ გამოწვევებს ქმნის.

ამიტომ კომპანიის მენეჯერი მიიჩნევს, რომ ახლად გახსნილ სასტუმროებს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდებათ.

„საქართველოში რამდენიმე ფაქტორია, რომელიც სასტუმრო ბიზნესს აწუხებს და სტკივა. ეს არასაკმარისი ტურისტების რაოდენობაა, რაზედაც ძალიან ხშირად ვსაუბრობ და ყველგან ეს ისმის. ბევრი სასტუმრო შენდება, მაგრამ ქვეყანაში იმ რაოდენობის ტურისტების მაინც არ არიან, რაც ქვეყანას სჭირდება.

კარგია და მივესალმებით, რომ ემატება ახალი ავიარეისები და მიმართულებები, მაგრამ ქვეყანას უფრო მეტი პოპულარიზაცია და მეტი ტურისტის მოზიდვა სჭირდება, ამაში მთავრობის წილი ძალიან დიდია. ამ მიმართულებით უფრო მეტად უნდა მოინდომონ და იმუშაონ, რომ კარგ შედეგებზე გავიდეთ და არ გვქონდეს ის პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით – ფასების დაწევას შეეხება ეს თუ კადრების შენარჩუნებას… რომ ეს პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოვიშოროთ. ეს არის მეტი ტურისტი, თუ შესაძლებელი იქნება და მთავრობა იმუშავებს იმაზე, რომ ახლად გახსნილ სასტუმროებს რაღაც პერიოდი საგადასახადო კუთხით საშეღავათო პერიოდი მისცეს, ესეც ძალიან კარგი დახმარება იქნება ახლად დაბადებული ბიზნესისთვის“, – ამბობს გიორგი პაპიაშვილი და თვლის, რომ თუ ინდუსტრიის განვითარება გვინდა, სახელმწიფო რაღაც დათმობებზე უნდა წავიდეს და სასტუმროებს რაღაც შეღავათები უნდა მისცეს: „ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მამოძრავებელია და მაქსიმალური ხელშეწყობა, მაქსიმალურ შედეგზე გაგვიყვანს“.

„წერტილის“ წამყვანის კითხვაზე რატომ ვერ გრძნობენ სასტუმროები იმ კარგ მაჩვენებელს, რომლითაც ტურიზმში მთავრობის ეკონომიკური გუნდი თავს იწონებს, HORECA Management Group-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ახალი სასტუმროების აშენებასთან ერთად, ქვეყანაში ძალიან ბევრმა სასტუმრომ სტუმრების არარსებობის გამო პროფილი შეიცვალა და კომერციულ ან საოფისე ფართად გადაკეთდა და ამ კუთხით დარგში სამუშაო ბევრია. გიორგი პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელია საქართველო რაც შეიძლება აქტიურად იყოს წარდგენილი საერთაშორისო მასშტაბით.

„საჭიროა მეტ სხვადასხვა ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება არამხოლოდ ევროპის და აზიის, არამედ მსოფლიო მასშტაბით. რაც მეტ ადგილას გამოვჩნდებით, მეტ ხალხს გავაცნობთ და მოვუყვებით ჩვენს შესახებ, შესაბამისად უფრო მეტი ტურისტი გვეყოლება. პირველ რიგში უნდა შევქმნათ უსაფრთხო გარემო, რაც ტურიზმს ყველაზე მეტად სჭირდება… რაც გვაქვს კიდევ უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ. ფრენები კიდევ უნდა დავამატოთ“, – განაცხადა გიორგი პაპიაშვილმა.

ცნობისთვის: HORECA Management Group-ი საქართველოს ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის პორტფელშია 20-ზე მეტი განხორციელებული პროექტი, 1350 სასტუმრო ოთახით. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ თავისი წარმომადგენლობა კანადაში, კერძოდ, ტორონტოში გახსნა, სადაც ერთ მიმდინარე პროექტზე უკვე მუშაობენ.

კომპანია HORECA Management Group-ის საქმიანობის სფეროებია: სასტუმროს კონცეფციის შემუშავება და ბიზნესის დაგეგმარება სასტუმრო ბაზრის მარკეტინგული კვლევა საპროექტო კონსულტაციების და მშენებლობის პროცესის თანხლება სასტუმროს კონსალთინგი მმართველობითი კონსალთინგი პროექტირება და სამშენებლოს პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა სასტუმროს პროფესიონალური მართვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *