“გარდა ამისა, იმ ოჯახების რიცხვი, სადაც ერთი არასრულწლოვანი მაინც ირიცხება, 125,743-ს გაუტოლდა, ხოლო ბაზაში 2024 წლის განმავლობაში პირველად დარეგისტრირდა 34,758 18 წლამდე ასაკის ბავშვი. ასევე, პირველად რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი ბავშვი მაინც არის, 20,368-ს შეადგენს.
ამასთანავე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩაერთო 4161 ოჯახი.”, – წერს ომბუდსმენი.
როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, შესწავლილი საქმეები კვლავაც ცხადყოფს, რომ ცენტრალური პროგრამების გარდა, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახები მუნიციპალურ დონეზეც ჩართულნი არიან სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში. მიუხედავად ამ დახმარებებისა, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანაში მოქმედი მიზნობრივი სოციალური დაცვის ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამები სრულფასოვნად ვერ პასუხობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ბავშვების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, განვითარებასა და სიცოცხლეს.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძემ გასული წლის თებერვალში პრემიერის პოსტის დაკავების შემდეგ, “ოცნების” მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სიღარიბის განულება დაასახელა. “0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო”, – განაცხადა მაშინ კობახიძემ.
მოგვიანებით, გასული წლის სექტემბერში მან იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის ბოლომდე ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ერთნიშნა მაჩვენებლამდე შემცირდება, ხოლო 2028 წლისთვის ეს მონაცემი მინიმუმადე დავა. საქსტატი 2024 წლის სიღარიბის მაჩვენებლებს მაისის ბოლოს გამოაქვეყნებს და ვნახავთ, როგორ შეიცვალა გასულ წელს ამ კუთხით სტატისტიკა. 2023 წლის სტატისტიკით კი, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა სიღარიბე დაძლია.