„ისინი დავიდნენ არაღიარებული მთავრობის დონემდე, რომელიც სამხედრო ძალას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. მათ სჭირდებათ ხალხის მოტაცება იმიტომ, რომ მათ სასამართლოებს არ აქვთ ლეგიტიმაცია, მათი მოსამართლეები სანქცირებულები არიან, მსოფლიოს ესმის, რომ ეს კრიმინალური ოპერაციაა. ბატონი ივანიშვილი და ყველა მისი ქვეშევრდომი მწარედ ინანებს იმას, რაც ჩაიდინეს“, – აღნიშნა ამსტერდამმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი სარგებლისთვის დაეჩაგრათ ადამიანი. „საქართველო სახელმწიფო აღარ არის. ის მილიარდერის სათამაშო მოედნად გადაიქცა“, – დასძინა მან.
კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, რომ ბაჩიაშვილი მართლაც იმ ბიზნესგარიგების ნაწილი ყოფილიყო, რომ ის გაიცვალა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის არჩევნებში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის და გაერთიანებული საამიროების კანდიდატისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, ამსტერდამი ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ სპეკულირებას იმ საკითხებთან მიმართებით, რაც ზუსტად არ იციან და რის ფაქტებსაც არ ფლობენ.
„მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო ამ ნაწილში. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ეტაპზე მთავარი ფაქტი ის არის, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩადენილია კრიმინალი. მასში ჩართული ადამიანები უნდა წავიდნენ ციხეში. ჩვენ ჩვენს გამოძიებასაც ვაწარმოებთ. ბატონ ბაჩიაშვილს ადვოკატების დიდი გუნდი ჰყავს საქართველოში, ჩვენთვის პრივილეგიაა მათთან მუშაობა. ჩვენ ადვოკატები ვართ. ჩვენ გამოვიძიებთ ამ საქმეს და ვიმოქმედებთ ფაქტების შესაბამისად“, – დასძინა მან და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ სწავლობენ იმას, ამ პროცესში საქართველოს გარდა, იყვნენ თუ არა სხვა ქვეყნებიც ჩართული.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. ბაჩიაშვილმა პროცესზე თქვა, რომ ის საზღვარგარეთ გაიტაცეს.
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით დატოვა. ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კი UAE-ში გაემგზავრა. 2025 წლის 10 მარტს კი საქალაქო სასამართლომ “ქართუ ბანკის” სესხთან დაკავშირებით ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეც, ამასთან სასამართლოში კვლავ გრძელდება “მტკვარი ჰესის” საქმის განხილვაც.