ბავშვის განმავითარებელი ავეჯისა და სათამაშოების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „თვითი“, რომელსაც 2024 წლის ნოემბერში გაჩენილი ხანძრის შედეგად საწარმოო სივრცე გაუნადგურდა, საქმიანობა განაახლა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო ჩიტაძემ BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” ისაუბრა.
მისივე თქმით, სწორედ მომხმარებლების აქტიური მხარდაჭერა და გამამხნევებელი შეტყობინებები გახდა მთავარი მოტივატორი, რამაც გუნდს ძალა მისცა ყველა შეკვეთა დროულად შეესრულებინა. აღდგენით პროცესში ფინანსურადაც მომხმარებლებისა და მეგობრების დახმარებაზე დაყრდნობით შეძლეს გაძლიერება.
“4 წლიანი შრომა ერთ დღეში დავკარგეთ. თუმცა, ნახანძრევის წინ მდგომსაც კი რწმენა არ დამიკარგავს იმისი, რასაც ვაკეთებდი. სწორედ ამან შეგვაძლებინა ის რაც შევძელით. მეორე დღესვე გვქონდა ბიუჯეტი გათვლილი, თუ რა შეიძლებოდა შეგვეძინა და მუშაობა როგორ აღგვედგინა. ძალიან დიდი ბიძგი და მოტივაცია მოგვცა ჩვენმა მომხმარებელმა, რომელიც არ ჩერდებოდა და სულ ვიღებდით გამამხნევებელ ზარებს, მესიჯებს. ამასთან, მათ თავად დაგეგმეს, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი კამპანიაც ამ პერიოდში. ეს იმხელა მოტივაციას გვაძლევდა, რომ პასუხისმგებლობა და სიყვარული გაგვიორმაგდა. სწორედ ამ მოტივაციით, ყველა შეკვეთა დროულად შევასრულეთ”,– იხსენებს ჩიტაძე.
ამჟამად, კომპანია მუშაობას ახალ, უფრო დიდ სივრცეში, ელიავას ბაზრობაზე განაგრძობს და ძველ ხელოსნებთან პროდუქციის წარმოებას განაგრძობს.
„წარმოება გავამარტივეთ და დავაჩქარეთ, რაც შეკვეთების დროულ შესრულებაში გვეხმარება. ონლაინ გაყიდვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ გამოფენა – გაყიდვებშიც. ყოველთვიურად გაყიდვების მზარდი დინამიკა გვაქვს და წლიური ზრდა დაახლოებით 25%-ს შეადგენს“, – აცხადებს ჩიტაძე.
ამ ეტაპზე, კომპანია ჯერ კიდევ აღდგენით ფაზაშია და მასშტაბურ B2B თანამშრომლობებში ჩართვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა არსებულ პარტნიორებთან კავშირი შენარჩუნებულია.