საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი – “კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ დარეგისტრირებულია

“კონსტიტუციის 78-ე მუხლს” რეგისტრაცია კიდევ ერთხელ შეუჩერდა – პროფკავშირის განცხადება
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ დარეგისტრირებულია. ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაცია დარეგისტრირებას 2024 წლის 25 დეკემბრის შემდეგ ცდილობს, მას შემდეგ რაც ყოფილმა საჯარო მოსამსახურეებმა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს დაფუძნება გადაწყვიტეს.

ორგანიზაცია, სახელწოდებით „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ იმ დროისთვის, არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებმაც საჯარო განცხადებებით გამოხატეს ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული საქართველოს მოსახლეობის ნებისა და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მიმართ, რაც გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას. ამ განცხადების ქვეშ გაერთიანება საჯარო მოხელეებმა “ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ დაიწყეს, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია ევროინტეგრაციის პროცესს 2030 წლამდე აჩერებდა.

დამოუკიდებელი პროფკავშირის დღევანდელ განცხადებაში კი წერია:

“საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, წარდგენილი დოკუმენტების განმეორებით შესწავლის შემდეგ, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. დღეიდან ორგანიზაციის საქმიანობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვიყოთ მეტნი, შემოვიმატოთ ახალი წევრები, სამუშაო ადგილზე დავიცვათ საჯარო მოსამსახურეების შრომითი და სამოქალაქო უფლებები, ხოლო გათავისუფლებულებს, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შევთავაზოთ სამართლებრივი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა; დავიწყოთ მათი დასაქმების შესაძლებლობების ძიება და შევქმნათ საიმედო მყარი ერთობა, რომელიც არა მარტო დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში, არამედ სამომავლოდ, საჯარო სამსახურის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება. შესაბამისი განცხადება თანამშრომლების ნაწილმა გასული წლის დეკემბერში გაავრცელა. მაშინ ფაქტის კომენტირებისას, კალაძემ თქვა, რომ მერიაში რეორგანიზაცია იყო გამოცხადებული. მისივე მტკიცებით, მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *