საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი ხდება – კანონპროექტი

საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი ხდება – კანონპროექტი
მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა ხდება. ამას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტს უკვე წარედგინა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, მრჩევლის პოზიცია მისი არსიდან გამომდინარე არ არის დატვირთული და ტოლფასი საჯარო სამსახურში სხვა ფორმით დასაქმებული პირებისა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირის მრჩევლების საქმიანობა არ იყოს ანაზღაურებადი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღებით თანხა დაიზოგება, თუმცა არაა დაკონკრეტებული ოდენობა.

კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ის პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად საჯარო სამსახურში და იღებენ ანაზღაურებას, თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ უსასყიდლოდ. შესაბამისად, ისინი აღარ აიღებენ შრომის ანაზღაურებას აღნიშნული საქმიანობისთვის, რაც გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ ოდენობით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი პირებისათვის შრომის ანაზღაურების სახით. თუმცა, მათ ექნებათ შესაძლებლობა მრჩევლის უფლებამოსილება განახორციელონ სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად”,- წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ოცნების” შემდეგი დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, იოსებ ჯორბენაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *