აუდიტორული კომპანია BDO-ს საკანონმდებლო მიმოხილვის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლით დადგენილია საგადასახადო შეღავათები სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებში, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ საჯარო გადაწყვეტილება დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან (შემდგომ – დღგ) ჩათვლის უფლების გარეშე.
რაც შეეხება დამხმარე ხასიათის მომსახურებას, სსკ-ის 157-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამხმარე ხასიათის მომსახურება/საქონელი არის მომსახურება/საქონელი, რომლის შეძენა არ არის მისი მომხმარებლის ძირითადი მიზანი, მაგრამ გამიზნულია მისთვის ძირითადი მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების პირობების გაუმჯობესების ან/და უკეთ სარგებლობის უზრუნველსაყოფად.
“საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეთა როგორც ტრანსპორტირების დროს, ასევე კვებით უზრუნველყოფისას, შესაბამისი ოპერაციის მხარეებს წარმოადგენდნენ საგანმანათლებლო დაწესებულება და მოსწავლე და ამავდროულად აღნიშნული დამატებითი მომსახურება მიზნად ისახავს განათლების მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და მნიშვნელოვანია განათლების მომსახურების გაწევისთვის, შედეგად აღნიშნული მომსახურებები (ტრანსპორტირება, კვება) განიხილება დამხმარე მომსახურებებად.
გადაწყვეტილების შედეგად, სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და გამართულად წარმართვის უზრუნველსაყოფად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ან მისი სახელით მოსწავლეთა ტრანსპორტირებისა და კვების მომსახურების გაწევა განიხილება განათლების მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათის მომსახურებად და შესაბამისად, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე,”- აღნიშნულია BDO-ს სამართლებრივ მიმოხილვაში.