ადვოკატი აღნიშნავს, რომ სამველ კარაპეტიანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მან ასევე განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანის დაკავების მოთხოვნით სასამართლოს საგამოძიებო კომიტეტმა მიმართა. ადვოკატმა ლიანა გასპარიანმა ასევე განმარტა, რომ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის წარდგენილი, რაც ირონიულია, რადგანაც ეს მუხლი სასჯელის სახით ასევე ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.
„ეს არის საშუალო სიმძიმის დანაშაული და ასეთი მუხლით პირის პატიმრობა მთელი ამ პროცესის უკანონობის დასტურია, რაზეც ჩვენ ყველა ინსტანციაში ვისაუბრებთ“, – განაცხადა გასპარიანმა.
სომხეთის დედაქალაქში სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერის სამველ კარაპეტიანის სახლში ჩხრეკა 17 ივნისს ჩატარდა. news.am წერდა, რომ რუსმა მეწარმემ ერევანში თავისი სახლი საკუთარი ფეხით დატოვა და პოლიციის მანქანაში ჩაჯდა. მათივე ცნობით, მილიარდერმა 18 ივნისის 3 საათისთვის სახლი პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილესთან ერთად დატოვა.
„ჩემი გზავნილი იგივეა – მე ჩემი ეკლესიის, ჩვენი ხალხის გვერდით ვარ. როგორც არ უნდა ეცადონ ჩემს გაშავებას, მიმიფურთხებია მათსა და მათ ელექტროქსელებზე. ყველაფერი კარგად იქნება. ხალხით თავის სიტყვას იტყვის და ისინი მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ“, – თქვა სამველ კარაპეტიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავისი სახლის დატოვების შემდეგ.
17 ივნისს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერატიული სამუშაოების შედეგად დაკავებულია ადამიანების ჯგუფი, თუმცა გუშინ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად კარაპეტიანის დაკავების შესახებ სომხური უწყება ინფორმაციას არ ავრცელებდა. რასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მილიარდერის სახლში ჩხრეკა, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. მილიარდერის მომხრე მედია წერდა, რომ ეს კარაპეტიანისა და სომხეთის ხელისუფლების დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული. „ეხო კავკაზა“ წერს, რომ მილიარდერი სომხეთის ეკლესიის მხარდაჭერით გამოვიდა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა. მაშინ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფი ეკლესიას ებრძვის და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას თავისებურად შეეწინააღმდეგებოდა. ფაშინიანი ამას სოციალურ ქსელში გამოეხმიანა და დაწერა, რომ კარაპეტიანს დაავიწყდა, რომ ეს არ არის კალუჟსკის ოლქის რომელიმე სოფელი, არამედ ეს სომხეთია.
Forbes-ის რუსული რედაქციის მიხედვით, სამველ კარაპეტიანის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენს და ის რუსეთი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებს.