ჯერჯერობით სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოა, რადგან კრემლი უარს ამბობს უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ფაქტი, რომ 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ რუსეთ-უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები კვლავ იმართება, მაინც მნიშვნელოვნად ფასდება.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, ხოლო რუსეთისას – პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. როგორც Reuters წერს, რუსეთის დელეგაციამ უკრაინული მხარისგან სამშვიდობო მემორანდუმის პროექტი მიიღო, თუმცა უცნობია რუსეთმაც გადასცა თუ არა უკრაინას საკუთარი დოკუმენტი.
უკრაინის პირობები, რომლებსაც მხარეები 2 ივნისის შეხვედრაზე განიხილავდნენ, Reuters-მა გაასაჯაროვა. სამშვიდობო წინადადების მიხედვით, რუსეთისგან მოთხოვნილია ყველა სახის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, რათა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. უკრაინის მიერ მომზადებული დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში დეპორტირებული ან გატაცებული ბავშვების დაბრუნებას. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, მემორანდუმით უკრაინა ითხოვს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს. კერძოდ, მხარეები პროცესში ჩართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც გარანტორი იქნებიან მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.
სუვერენიტეტის საკითხზე უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის პირობის მოიხსნას, რათა ქვეყანას შესაძლებლობა ჰქონდეს იყოს ევროატლანტიკური კავშირის ნაწილი და ისწრაფოდეს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანების საკითხს, ეს თავად ალიანსის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს. ტერიტორიული მთლიანობის თემა განხილული უნდა იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მოხდება. ხოლო 2014 წლის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება სანქციების საკითხს, დაყადაღებული რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად იქნეს გამოყენებული ან გაყინული დარჩეს, სანამ რუსეთის მხრიდან რეპარაციის გადახდა არ მოხდება.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთი დასთანხმდა ტყვეების გაცვლაზე, საუბარია მხოლოდ მძიმედ დაჭრილ და ახალგაზრდა ტყვეებზე.
გუშინ, 1 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი რუსული მხარის მოთხოვნით შედგა. “სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება, რომ გაგრძელდეს პირდაპირი მოლაპარაკებები მშვიდობის მისაღწევად”, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. სტამბოლში უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა. მხარეები 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.
19 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან ომის შესაწყვეტად პროგრესის შანსი არსებობს. 23 მაისს გავრცელდა „დიდი შვიდეულის“ [G7] განცხადება, სადაც წევრი ქვეყნები ამბობენ, რომ რუსეთი თუ არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას სანქციებით ზეწოლას გააძლიერებენ.
როგორც Politico წერს, სენატში რესპუბლიკელების ლიდერობით უკვე მომზადებულია ორპარტიული მხარდაჭერის მქონე კანონპროექტი, რომელიც ტრამპისგან მხოლოდ მწვანე შუქს ელოდება. საუბარია რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე. პროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედებას ითვალისწინებს: 500%-იანი გადასახადის დაწესებასაც იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს, გაზს, ურანსა და სხვა პროდუქტებს.