“სტარტაპების ნაწილი გადარჩენაზეა” – რა გამოწვევები აქვს სტარტაპერებს?

“სტარტაპების ნაწილი გადარჩენაზეა” – რა გამოწვევები აქვს სტარტაპერებს?

სტარტაპერ თორნიკე ცირამუას შეფასებით ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა სტარტაპების სტაგნაცია და ინვესტიციების შემცირება გამოიწვია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილაში“ სტარტაპების გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე ცნობით, ბოლო პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 30%-ით არის შემცირებული, რაც თავად სექტორის წარმომადგენლებზეც აისახება. ხოლო, მათ ვინც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა მოასწრო, ისინი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან.

“მდგომარეობა არ არის მარტივი და სახარბიელო. ბევრი სტარტაპი ფიქრობს, რომ სტარტაპიდან კერძო და კორპორაციულ ნაწილში გადავიდეს. ამასთან, ბევრი სტარტაპი გადარჩენაზეა. პირად საუბრებში ხშირად საუბრობენ, რომ ეს არის გადამწყვეტი წელი, როდესაც გადაწყდება სტარტაპის წელი. ეს მდგომარეობა აისახება როგორც ინვესტიციების ნაწილზე, ვინაიდან საქართველოში ინვესტიციები შეჩერებულია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში 30%-ით არის შემცირებული. ის სტარტაპები, რომლებმაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლა მოახერხეს, მეტ-ნაკლებად მდგრადები არიან და ბაზარზე მეტად პოზიციონირებენ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 100-დან 99 სტარტაპი წარუმატებლობას განიცდის, თუმცა აქ მნიშვნელოვანია კონტექსტი. კონტექსტმა(ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა)სტარტაპების სტაგნაცია, უკუსვლა, ინვესტიციების ნაკლებობა საქართველოში დააჩქარა. ისედაც, საქართველოს პოზიციონირება სტარტაპ ეკოსისტემის რუკაზე რთული იყო, ბოლო პერიოდში განვითარება შეინიშნებოდა, თუმცა ახლა ვუბრუნდებით იმ ნიშნულს, რაც რამდენიმე წლის წინ გვქონდა”, – ამბობს თორნიკე ცირამუა.

სტარტაპერის ინფორმაციით, აღნიშნული კრიზისი დემოტივაციას და ქვეყნიდან ტალანტების გადინებას იწვევს. ცირამუა სტატისტიკას იშველიებს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2023 წელს, საქართველო 300 000-მდე ადამიანმა დატოვა, რომელთან 70% 30 წლამდე ადამიანი იყო. ანუ, ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოზე მნიშვნელოვანი ეფექტი უნდა მოეხდინათ. ტვინების გადინება კი იმას გამოიწვევს, რომ სტარტაპერები სტარტაპებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ შექმნიან.

თორნიკე ცირამუა ირწმუნება, რომ ქვეყნისთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჰაბად ჩამოყალიბება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *