სუნამოს ხაზი, სტენდების რებრენდინგი… – რა გეგმები აქვს Piel Naturals-ს?

სუნამოს ხაზი, სტენდების რებრენდინგი… – რა გეგმები აქვს Piel Naturals-ს?

ქართული ნატურალური კოსმეტიკის ბრენდი Piel Naturals-ი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის – კომპანიის გეგმებში სუნამოს ხაზის დამატება, სტენდების განახლება და სექტორად დარეგისტრირება შედის. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ბრენდი, რომელიც უკვე რვა წელია დამოუკიდებლად უზრუნველყოფს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში, ახლა სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობასაც განიხილავს.

“სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მუშაობს იმაზე, რომ ადგილობრივი კოსმეტიკური კომპანიები ერთიან სექტორად დავრეგისტრირდეთ. ეს მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ სხვადასხვა სახის დაფინანსება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას და უფრო მეტ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას,“ – აცხადებს თათუკა ლომაძე.

თათუკა ლომაძე თბილისში სტენდების რებრენდინგსაც აანონსებს, რაც სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესებას და ბრენდის ახალ ეტაპზე გადასვლას ემსახურება. კომპანია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში, რაც უცხოელი ვიზიტორების, განსაკუთრებით კი არაბული ქვეყნების წარმომადგენლების დაინტერესებას იწვევს.

„თუ სექტორად დავრეგისტრირდებით, მეტ გამოფენაში ჩართვა და ექსპორტის გაზრდა იქნება შესაძლებელი,“ – აღნიშნავენ Piel Naturals-ში.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე სუნამოს ხაზის შექმნაა. როგორც Piel Naturals-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, სულ ახლახან, საფრანგეთში სუნამოების შექმნის ტრენინგებში მონაწილეობდა და უკვე დაწყებულია სურნელის მოკვლევა, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე თვეში მზად იქნება.

„სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში სუნამო მზად იქნება. ვარიანტებიც მაქვს თუმცა, საუკეთესო და “პიელისთვის” დამახასიათებელი სუნამო სანამ არ იქნება, მანამდე არ გამოვუშვებთ. საყვარელი სუნამო მაქვს, რომელსაც 10 წელია ვიყენებ და როდესაც იმაზე მეტად მომეწონება, “პიელ ნატურალსის” სუნამოს უკვე ბაზარზეც იხილავთ,“ – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *