“სწორი დაკვეთა უნდა არსებობდეს”- ინფრასტრუქტურის მშენებლები ტენდერებში არსებულ ხარვეზებზე

“სწორი დაკვეთა უნდა არსებობდეს”- ინფრასტრუქტურის მშენებლები ტენდერებში არსებულ ხარვეზებზე

“სწორი დაკვეთა უნდა არსებობდეს”- ინფრასტრუქტურის მშენებლები ტენდერებში არსებულ ხარვეზებზე

ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. რევაზ სოხაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ტენდერებთან დაკავშირებით სამინისტრო რამდენიმე სიახლეს გეგმავს, რაც მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელდება და ამაზე სამშენებლო სექტორი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.

კითხვას, თუ რა მიმართულებით არსებობს დღეს სახელმწიფო შესყიდვებში ხარვეზები, რა კუთხითაც ბიზნესი ცვლილებებს ითხოვს, Tesen Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავართქილაძე პასუხობს, რომ პროექტებში ცვლილებები ხშირია, რაც დადგენილი ვადების გაჭიანურებას იწვევს, შემდეგ კი ეს ბიზნეს სუბიექტებთან გაფორმებული კონტრაქტები მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებებისგან, რაც ადგილობრივ ბიზნესს არა ერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ამ საკითხებზე იყო მსჯელობა და ორივე მხარე შეთანხმდა, რომ უნდა დადგინდეს სამართლიანი თამაშის წესები.

“პირველ რიგში სწორი დაკვეთა უნდა არსებობდეს. სექტორის პოზიცია იყო, რომ არსებული პროექტების მიმდინარეობა არ ემთხვევა რეალობას, ხშირია ცვლილებები, რაც მერე ვადაში პრობლემებს იწვევს და ის მერე ღირებულებაშიც არაადეკვატურია. კონტრაქტი ჩვენსა და დამკვეთს შორის არ არის ისეთი, როგორიც არის სახელმწიფოსა და საერთაშორისო კომპანიას შორის, რომლებსაც დონორები აფინანსებენ. რაც არ უნდა დონორის დაფინანსება იყოს, რეალურად ეს ჩვენი ბიუჯეტიდან გადახდილი ფულია, გინდა სესხი იყოს, ჩვენი ვალდებულებაა სამომავლოდ მისი გასტუმრებაც. თუ საერთაშორისო კომპანიებთან იგივე ფასთა ინდექსაცია დასაშვებია, მოცდენის ნაწილი, მობილიზაცია, საინჟინრო გადაწყვეტილებებში რაღაც თანხები ანაზღაურებადია, ჩვენს შემთხვევაში ეს თანხები ანაზღაურებადი არ იყო კონტრაქტებში.

ამ დეტალებზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ უნდა იყოს სამართლიანი ურთიერთობა ერთმანეთში. მინისტრმაც ეს აღნიშნა, რომ ის მოთხოვნები და სტანდარტი, რომელსაც ის მოითხოვს ჩვენც ვალდებულები ვიქნებით, რომ შევასრულოთ. ეს არის სამართლიანი თამაშის წესები. თქვენ თუ მთხოვთ მაღალი ხარისხის პროდუქტს დადგენილ ვადებში, სწორად დამენეჯმენტებულს და სწორად გაწერილ გეგმა გრაფიკს ამ შემთხვევაში უნდა შევქმნათ გარემო, სადაც დავასაქმებთ განვითარებაზე ორიენტირებულ კადრებს და შესაძლებლობა გვექნება თანხა განვითარებაში დავხარჯოთ, შემდეგ უკვე ძალიან ლოგიკური იქნება იმ ხარისხის მოთხოვნა რაც ბატონმა მინისტრმა დააანონსა,”- ამბობს Tesen Group, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავართქილაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *