“სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ” – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანთან მორიგ შეხვედრას აჯამებს

“სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ” – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანთან მორიგ შეხვედრას აჯამებს
“ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან მორიგი შეხვედრა შეაჯამა. კობახიძის თქმით, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. მისივე განმარტებით, ეს ფორმატი დაფუძნდა ორი წლის წინ და წელს ამ ფორმატში მეორე შეხვედრა იმართება.

„ამ შეხვედრამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ერთად გვემსჯელა მიღწეულ პროგრესზე და დაგვესახა ასევე ერთად სამომავლო გეგმები. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ეს ეხებოდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ენერგეტიკის და დაკავშირებადობის საკითხებს, გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, თავდაცვას, იუსიტიციას, განათლებას, კულტურას. ყველა სფეროს შევეხეთ ამ ფორმატის ფარგლებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენი მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ასევე მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს სხვადასხვა სფეროში და რა თქმა უნდა, შეთანხმებებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაღრმავებას ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების ყველა ასპექტი. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები და ამის დასტურია ის ხშირი გაცვლა ვიზიტების და შეხვედრების, რომლებიც იმართება ჩვენს შორის. ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ამ თანამშრომლობის სამომავლო განვითარებას. ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე გვქონდა დღეს საუბარი. ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არამხოლოდ მთავრობებს შორის თანამშრომლობა, არამედ ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობაც იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ, უკვე 2028 წლისთვის, დაგეგმილი გვაქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის შესრულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის შესრულება და ამ კუთხითაც, თუნდაც საექსპერტო თანამშრომლობა, ნებისმიერი მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ძალიან მსგავსი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები.

ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას იმისა, რომ დაგიბრუნოთ სათანადო პასუხი იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ვგრძნობთ და ვიღებთ თქვენი მხრიდან. ქართველი ხალხი აფასებს პირადად თქვენს მხარდაჭერას, ბატონო პრემიერმინისტრო და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ჩვენი პარტნიორობის დღევანდელი მდგომარეობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, დინამიკაც არის დადებითი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ორმხირივი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის,“- განაცხადა კობახიძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *