“ბრიტანეთის მთავრობამ გრანტის მიმღებთა დაცვის ამოცანით, ახლახან მიღებული გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიმართა რეჟიმს ნებართვისთვის. რეჟიმმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საჭირო დროში პასუხი არ დაუბრუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა და ქართულ საზოგადოებას რეჟიმის ანტიდემოკრატიული ქმედების შესახებ აცნობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მთლიანად სცილდება მის ბუნებრივ წიაღს – თავისუფალ სამყაროს და რუსული ავტორიტარიზმის ჭაობში იძირება”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 11 ივნისს, ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იძულებულია გააუქმოს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას. მიზეზი “ქართული ოცნების” მიერ კანონში შესული ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც გრანტის გაცემამდე მთავრობის ნებართვაა საჭირო.
„გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია“, – აცხადებდა საელჩო, თუმცა მთავრობის გაჭიანურებული პასუხის გამო, გრანტს აუქმებს.
მიმდინარე წლის აპრილში “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომელმაც დონორი ორგანიზაციები დაავალდებულა მთავრობას ხელშეკრულების პროექტი წარუდგინოს.