თითქმის იდენტურ განცხადებებში კონკურენტი კომპანიები აღნიშნავენ, რომ “ბოლო დროს გლობალურ სავაჭრო წესებსა და ტარიფებში განხორციელებული ცვლილებების გამო” მათი საოპერაციო ხარჯები გაიზარდა და 25 აპრილიდან განახლებული ფასების ჩაშვება უწევთ.
შეერთებულ შტატებში ამ პლატფორმებს ათობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომლებსაც ჩინურ პროდუქციაზე განსაკუთრებით დაბალი ფასები იზიდავთ. Shein-ისა და Temu-ს პოპულარობამ ახალი წნეხი გააჩინა Amazon-ზეც, რომელმაც კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ბიუჯეტური ქვეპლატფორმა Haul გამოუშვა, რომელზეც ნივთები $20-ზე ნაკლები ღირს.
ჩინეთიდან იმპორტზე 145%-იანი ტარიფის დაწესების გარდა, პრეზიდენტმა ტრამპმა გააუქმა საგამონაკლისო წესი, რომლითაც $800-ზე ნაკლები ღირებულების ნივთები საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდებიან. ეს იყო წესი, რომელმაც აშშ-ის ბაზარზე ჩინური კომპანიების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. BBC-ის ინფორმაციით, გასულ წელს ეს შეღავათი აშშ-ში ჩასულ 1.4 მილიარდ ამანათზე გავრცელდა. 2013 წელს ამანათების რაოდენობა 140 მილიონი იყო.