“ტენდენცია მცირდება” – 2024 წელს სამუშაო ადგილზე 33 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა – 257

“ტენდენცია მცირდება” – 2024 წელს სამუშაო ადგილზე 33 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა – 257
2024 წელს საქართველოში სამუშაო ადგილებზე 33 ადამიანი გარდაიცვალა, 257 კი დაშავდა, – ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა. 28 აპრილი მსოფლიოში სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა დღეა.

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის ინფორმაციით, საერთო ჯამში, წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე ინციდენტის შედეგად დაზარალებულთა/გარდაცვლილთა რაოდენობა 290-ს აღწევს.

როგორც პროფკავშირის თავმჯდომარე ამბობს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტატისტიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა და როგორც გარდაცვალების, ისე დაზიანების შემთხვევების რაოდენობა იკლებს. მისივე თქმით, გასულ წლებში აღნიშნული შემთხვევების აღრიცხვა და კლასიფიკაცია სრულყოფილად არც ხდებოდა.

“ტენდენცია შემცირებისკენ მიდის, ეს იმ ფონზე, რომ 2019 წელს მიმართვიანობა და აღრიცხვაც კი არ ხდებოდა. ახლა კი, როგორც მიმართვიანობა, ასევე აღრიცხვა და კლასიფიკაციაც ხდება.

მაგალითად, სამუშაო ადგილზე შეიძლება ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ერთია როდესაც შრომის უსაფრთხოების ნორმებით გარდაიცვალა და მეორეა, როდესაც თანამდევი დაავადებები აქვს, რისი კლასიფიკაციაც ადრე არ ხდებოდა, თუმცა ახლა ხდება“, – ამბობს პეტრიაშვილი.

პროფკავშირის თავმჯდომარის თქმით, წარსულში შემთხვევების დაფარვა ხშირად ხდებოდა: „2014 წელს, ოფიციალურად 45 გარდაცვლილი ფიქსირდება, თუმცა რეალურად ბევრად მეტი შემთხვევა იყო – სამშენებლო ობიექტებზე ხშირად ოჯახებთან მორიგება/გარიგებები ხდებოდა, თუმცა შემთხვევების აღრიცხვა არ ხდებოდა“.

მისივე თქმით, ყველაზე პრობლემურ სექტორად კვლავაც სამშენებლო სფერო რჩება, სადაც დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა ფიქსირდება.

“საწარმოო ტრავმებით გარდაცვალების 50%-ზე მეტი სწორედ სამშენებლო სექტორზე მოდის. 2023 წელთან შედარებით, დაშავებულთა რიცხვი 349-დან 257-მდე შემცირდა. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, აქ მცირედი კლება შეინიშნება – 2023 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 34-35 იყო, ხოლო 2024 წელს – 33”, – ამბობს პროფკავშირების თავმჯდომარე.

პეტრიაშვილის თქმით, ამ ტენდენციის ჩამოყალიბებას სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის – სახელმწიფოს მიერ დაწესებული ჯარიმები და ადმინისტრაციული სახდელი: „ადრე ამგვარი შემთხვევები ბიზნესზე არ აისახებოდა. ახლა კი, სანქციების მეშვეობით ბიზნესი ცდილობს მეტი ყურადღება მიაქციოს შრომის უსაფრთხოებას. ცნობიერება იზრდება – არა იმდენად საინფორმაციო კამპანიების, რამდენადაც ფინანსური ზარალის შიშის ფონზე.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *