ტერაბანკისა და თეგეტა აგრის შეთავაზება მწვანე აგროტექნიკის შესაძენად

ტერაბანკისა და თეგეტა აგრის შეთავაზება მწვანე აგროტექნიკის შესაძენად

ტერაბანკი მწვანე პროდუქტების მიმართულებას აფართოებს და მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას ამჯერად თეგეტა აგრისთან პარტნიორობით სთავაზობს.

შეთავაზების ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც თეგეტა აგრის კლიმატგონივრულ აგრარულ ტექნიკას ტერაბანკის შეღავათიანი მწვანე აგროსესხით შეიძენს, სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებს. შეთავაზება ვრცელდება მინდვრის ტრაქტორებზე, რომლებიც აღჭურვილია GPS სისტემებითა და ავტომატური მართვით და, ასევე, GPS სისტემიან მიწის მომსწორებელზე.

კერძოდ, ტერაბანკის შეღავათიანი აგროსესხით სარგებლობის შემთხვევაში, Fendt 724 Vario-ს ტრაქტორს 10 000 ევრო დააკლდება, Valtra T235 Versu-ს ტრაქტორს — 2000 ევრო, მიწის მომსწორებელ Balex Ahtapot-ს კი — 1500 ევრო.

საგულისხმოა, რომ შეთავაზების ფარგლებში გაიცემა შეღავათიანი აგროსესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთს წლიური 8%-ით სოფლის განვითარების სააგენტო დაასუბსიდირებს. პროდუქტზე ვრცელდება ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამა NASIRA-ს გარანტიაც. შესაბამისად, შესაძენი ტექნიკის გარდა, სესხზე სხვა დამატებითი უზრუნველყოფა არ მოითხოვება.

ტერაბანკის მწვანე აგროსესხი აგრობიზნესის დასაფინანსებლადაა განკუთვნილი. იგი საშუალებას აძლევს მეწარმეებს, სასოფლო-სამეურნეო სფეროში საქმიანობა კლიმატგონივრული, მოქნილი და ხელსაყრელი პირობებით გააფართოონ. ამავდროულად, კლიმატგონივრული ტექნიკის შეძენის დაფინანსება ხელს უწყობს დაბალემისიანი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას და მოტივაციას აძლევს მეწარმეებს, გამოიყენონ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, შედეგად კი იზრუნონ ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზე, ფინანსური ხარჯების შემცირებასა და საქმიანობის მდგრად განვითარებაზე.

„სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მეწარმეებისა და ფერმერებისთვის კლიმატგონივრული მოწყობილობების შესაძენად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, ჩვენი ახალი შეთავაზება ხელს შეუწყობს არა მარტო მათი საქმიანობების, არამედ ზოგადად კლიმატგონივრული აგრარული პრაქტიკის ფართოდ დანერგვას“, – აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკისთვის მწვანე პროდუქტები ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით, ტერაბანკში შემუშავებულია მწვანე დაფინანსების სტრატეგიებიც, რომელთა საფუძველზე მწვანე სასესხო პროდუქტების შექმნა და შეთავაზება სამომავლოდაც გაგრძელდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *