ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს და აშშ-ის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს
როგორც დიპლომატმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, ამ ღია წერილითაც სრულიად აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის „ოცნებამ“ აშშ-თან ურთიერთობები ვერ დაალაგა.
„სრულიად აშკარაა, რომ არ დალაგდა ურთიერთობები. თავიდანვე ვამბობდი, რომ [აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაზე განცხადებები] იყო საკუთარი მრევლის მოსატყუებლად გამოგონილი ამბავი, რომ „ჩვენ სინამდვილეში სრულ იზოლაციაში კი არ მიგიძღვებით, უბრალოდ, ცოტა გვადროვეთ, დავლაგდებით და ყველაფერი კარგად იქნება“. ამ მრევლში შედიან ის ადამიანებიც, ვის ინტერესებსაც იზოლაცია უფრო დაარტყამს, ვიდრე თავად ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის კომფორტულად გააგრძელებს ცხოვრებას თავის თვითიზოლირებული ცხოვრების ყაიდით; ბიძინა ივანიშვილს შეუძლია იჯდეს თავის სოფელში, ან თავის ნაკრძალში, ან ზღვის ნაპირზე ან სადაც უნდა და აი, დანარჩენებმა უნდა იკითხონ, ვინც თვლიდა, რომ ისინი გზას უღობავდნენ მხოლოდ ჩვენ და ჩვენს შვილებს, მაგრამ თვითონ ყველა დასავლური სიკეთით სარგებლობას გააგრძელებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არაა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წერტილი დაესმება „ოცნების“ მომხრეების ილუზიას, რომ შეიძლება, ქვეყანაში ჩამოაყალიბო რუსული ტიპის რეჟიმი და ამავე დროს, გქონდეს ყველა სიკეთე დასავლეთთან ურთიერთობის, რომელიც წესით მთელ ერს უნდა ჰქონოდა“, – განაცხადა დიპლომატმა.
გიორგი ბადრიძის აზრით, „ოცნების“ გათვლა, რომ ტრამპს ნაკლებად აინტერესებს დემოკრატია, მოსწონს პრაგმატული გარიგებები და ჩვენ რაღაცა ისეთ გარიგებას შევთავაზებთ, არ გამართლდა“.
„ერთ ნაწილში მართლები არიან – ტრამპისთვის დემოკრატია ისეთი პრიორიტეტული არაა როგორც აშშ-ის წინა ხელისუფლებისთვის, მაგრამ ის, რაზედაც შეიძლებოდა გარიგების დადება და ეს გარიგება არ იყო ტრამპისთვის რაღაც უზარმაზარი, მაგრამ რაც შეეძლო [ოცნებას მოლაპარაკება] გადასცა ჩინეთს (იგულისხმება ანაკლიის პროექტი, რომლის ინვესტორად ჩინური კონსორციუმი CCCC არის შერჩეული, თუმცა კონტრაქტი ამ დრომდე არ გაფორმებულა); ასე რომ, პრაგმატული გარიგების შესაძლებლობა თვითონვე გაანიავეს“, – ამბობს გიორგი ბადრიძე.
„წერტილთან“ ინტერვიუში „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ვრცლად შეაფასა აშშ-ის მოქმედება, რომელიც მისი თქმით, თანმიმდევრულია საქართველოსთან მიმართებით და ასევე, დეტალურად ისაუბრა ირაკლი კობახიძის ღია წერილის შინაარსზეც.
„… იხილეთ ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუები, რას ამბობს ის აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე და რა ბედი ეწეოდა საქართველოს, რომელმაც გამოიარა უმძიმესი წლები, რომ არა აშშ-ის მხარდაჭერ და ფინანსური დახმარება…
უმადურობას ახალი გაგება მისცეს ცალკე ირაკლი კობახიძის და ცალკე შალვა პაპუაშვილის სრულიად გამოაგნებელმა განცხადებებმა. როგორც ჩანს, არანაირი მუხრუჭი არ არსებობს და შავზე თეთრის თქმა პრობლემას არ წარმოადგენს“, – ამბობს დიპლომატი.