ტრამპის გამო Chevron-ი ვენესუელიდან გადის

ტრამპის გამო Chevron-ი ვენესუელიდან გადის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვენესუელის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. პრეზიდენტის მიერ ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯით, ვენესუელასთან ერთად, ამერიკული ნავთობმომპოვებელი გიგანტი Chevron-იც იზარალებს, რადგან კორპორაციას ვენესუელიდან გასვლა მოუწევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დეპარტამენტის განცხადებით, სანქცირებულ ქვეყანაში ოპერირების ლიცენზიას ხელისუფლება კომპანიას აღარ გაუგრძელებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ვაშინგტონს და კარაკასს შორის ურთიერთობა დაძაბულია, ხოლო ვენესუელა ნავთობის მსოფლიოს უდიდესი რეზერვებით დაჯილდოებული ქვეყანაა, ნიკოლას მადუროს რეჟიმის შემსუბუქების ერთ-ერთ გზად დონალდ ტრამპს ქვეყნისთვის სანავთობო შემოსავლის შემცირება ესახება. ამ მხრივ, სწორედ ამერიკული Chevron-ი დაზარალდება, რომელიც ვენესუელაში ნავთობს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2022 წელს გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ოპერირებდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ლობისტურად Chevron-ი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანიაა, რომელიც ერთადერთი დიდი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც ვენესუელაში ოპერირება მას შემდეგ განაგრძო, რაც ნიკოლას მადუროს წინამორბედმა, უგო ჩავესმა უცხოური კომპანიების მუშაობაზე მკაცრი კონტროლი დააწესა. ვენესუელაში მოპოვებული ნავთობის მეოთხედს სწორედ Chevron-ი მოიპოვებს და არსებობს ვარაუდი, რომ ამერიკელების გასვლით შექმნილ ვაკუუმს ჩინელები ამოავსებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს Chevron-ს ვენესუელაში არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნების საშუალება მისცეს, რომელსაც კომპანია მომავალში გაცილებით ვიწრო ლიცენზიის ფარგლებში გამოიყენებს. Chevron-ის წარმომადგენლის თქმით, ლიცენზიას ვადა მართლაც გაუვიდა, მაგრამ კომპანია ვენესუელაში ადგილობრივი კანონმდებლობის სრული დაცვით რჩება.

ერთ დროს, ვენესუელა პლანეტის უმდიდრესი სახელმწიფო იყო. 1950-იან წლებში, ქვეყანაში ნავთობის ბუმი დაიწყო, რამაც ვენესუელას მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა განავითარა. 1980-იან წლებში, ვენესუელის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე $7,000-ის ტოლი იყო, ანუ ვენესუელელები დაახლოებით ისევე ცხოვრობდნენ, როგორც დასავლეთ გერმანიაში და იაპონიაში მცხოვრებლები, ხოლო სამხრეთ ამერიკაში ის უდავო ლიდერი იყო.

იმ დროს, ვენესუელას მშპ-ის ნახევარი ნავთობზე მოდიოდა, რაც არც თუ ისე კარგი ბალანსია, თუკი ქვეყნის მიზანი გრძელვადიანი მდგრადი განვითარებაა. პრობლემებმა თავი 1980-იანი წლების სანავთობო კრიზისის დროს იჩინა, როცა შავი ოქრო მკვეთრად გაიაფდა, ხოლო მთავრობამ ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა. ვენესუელამ დამატებითი ვალი აიღო, ხოლო ქვეყანა ინფლაციაში, უმუშევრობასა და სიღარიბეში ჩაეფლო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *