ფრიდრიხ მერცისთვის კანცლერის პოსტზე ეს პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო ვაშინგტონში. ოვალურ ოფისში მედიასთან საუბრისას, მერცმა თქვა, რომ აშშ და გერმანია უკრაინის მხარეს არიან. გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის რუსეთზე მეტი ზეწოლა მოახდინოს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. გერმანიის კანცლერი ხაზს უსვამს აშშ-ის პრეზიდენტს საკვანძო როლს ამ ომის დასრულების პროცესში.
19 მაისს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას, ჯერჯერობით, არ აპირებს, რადგან ომის შესაწყვეტად პროგრესის შანსი არსებობს. ტრამპი პუტინს 4 ივნისსაც ესაუბრა და როგორც საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, მასთან კარგი საუბარი ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით მშვიდობაზე შეთანხმება გამორიცხა. “პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა და ძალიან ძლიერად, რომ ის იძულებული იქნება უპასუხოს საჰაერო ბაზებზე ბოლოდროინდელ თავდასხმას”.
ტრამპის პოსტიდან ასევე ჩანს, რომ აშშ და რუსეთი ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებშიც ითანამშრომლებენ. უკრაინის გარდა, მერცი და ტრამპი ასევე შეეხნენ NATO-სა და ვაჭრობის საკითხებს.
სენატში რესპუბლიკელების ლიდერობით უკვე მომზადებულია ორპარტიული მხარდაჭერის მქონე კანონპროექტი, რომელიც ტრამპისგან მხოლოდ მწვანე შუქს ელოდება. საუბარია რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე. პროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედებას ითვალისწინებს: 500%-იანი გადასახადის დაწესებასაც იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს, გაზს, ურანსა და სხვა პროდუქტებს.