ტრამპი დარწმუნებულია, რომ EU-თან ტარიფებზე შეთანხმება შედგება

ტრამპი დარწმუნებულია, რომ EU-თან ტარიფებზე შეთანხმება შედგება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწევენ. ამ დროისთვის ამერიკას ევროკავშირთან სატარიფო პოლიტიკა სამი თვით აქვს დაპაუზებული. აშშ-ში ვიზიტად მყოფმა იტალიის პრემიერმა ჯორჯია მელონიმ და ტრამპმა განაცხადეს, რომ შეთანხმება ვადის ამოწურვამდე შედგება.

მანამდე ტრამპმა ევროკავშირის ქვეყნებიდან ალუმინის, ფოლადისა და მანქანების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, ამერიკული ტარიფები ასევე შეეხება 27 წევრი ქვეყნიდან ამერიკაში შესულ თითქმის ყველა პროდუქციას. ტრამპი აცხადებს, რომ სრულიად დარწმუნებული იყო იმაში, რომ საბოლოოდ, ევროკავშირთან გარიგება შედგებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებით ამერიკულ წარმოებას დაიცავს, სავაჭრო დეფიციტს აღმოფხვრის, საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის და საბოლოოდ ამერიკის ეკონომიკას გაზრდის. ის სატარიფო პოლიტიკის გადახედვის სანაცვლოდ, ქვეყნებისგან მეტი ამერიკული პროდუქტის ყიდვას ითხოვს. მაგალითად, ევროკავშირს მოსთხოვა 350 მილიარდი დოლარის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ამერიკული ენერგორესურსები იყიდონ.

ცნობისთვის, ევროსტატის ინფორმაციით, შარშან ევროკავშირის ქვეყნებმა ამერიკაში თითქმის 532 მილიარდი ევროს პროდუქტი გაყიდეს, ევროკავშირმა კი ამერიკისგან 333 მილიარდი ევროს მოცულობის პროდუქტი იყიდა. შესაბამისად, დეფიციტი არა 350 მილიარდი დოლარია, როგორც ამას ტრამპი ამტკიცებს, არამედ 198 მილიარდი ევრო (225 მილიარდი დოლარი).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *