ტრამპი და მერცი პირველად ხუთშაბათს ვაშინგტონში შეხვდებიან

ტრამპი და მერცი პირველად ხუთშაბათს ვაშინგტონში შეხვდებიან
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ხუთშაბათს ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება. ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც მერცი კანცლერად აირჩიეს.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის ინფორმაციით, ლიდერები ომისა და გლობალური პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ — მათ შორის, უკრაინის ომზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო ურთიერთობებზე. შეხვედრას ვახშამი და ერთობლივი პრესკონფერენციაც მოჰყვება.

გერმანული n-tv-ის ცნობით, მერცი აშშ-ში შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩაფრინდება.

შეხვედრას მერცსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის უსიამოვნება უძღოდა წინ. კერძოდ, აშშ-ის ოფიციალური პირების კრიტიკა გერმანიის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით — გერმანიის დაზვერვის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარება. რის გამოც გერმანია გააკრიტიკეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა. პარტიის საერთაშორისო მხარდამჭერებს შორისაა ტრამპის მოკავშირე ელონ მასკიც.

საპასუხოდ, მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებს ურჩევს, თავი შეიკავონ გერმანიის პოლიტიკაში ჩარევისგან. მისივე თქმით, ბერლინი ამერიკულ საარჩევნო კამპანიებში ჩარევას ყოველთვის ერიდებოდა და იგივე ელოდება პარტნიორებისგანაც.

„ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი არცერთ კანდიდატს. და გთხოვთ, რომ თქვენც ასევე მოიქცეთ“, – განაცხადა კანცლერმა.

მერცს და ტრამპს აქამდე მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი ჰქონდათ — მათ შორის, ბოლოს მაშინ, როცა კანცლერი კიევს ეწვია საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად.

კანცლერად არჩევის შემდეგ, მერცმა ტრამპს სავაჭრო ომის შეწყვეტისკენაც მოუწოდა და თქვა, რომ „ყველაფრის ნულიდან დაწყება“ შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *