ტრამპი EU-სა და Apple-სთვის ტარიფების დაწესებას კიდევ ერთხელ აანონსებს

ტრამპი EU-სა და Apple-სთვის ტარიფების დაწესებას კიდევ ერთხელ აანონსებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სავაჭრო ომის გაგრძელებით იმუქრება: პარასკევს სოციალურ ქსელში ტრამპმა ევროკავშირიდან იმპორტულ საქონელზე 50%-იანი ტარიფები, Apple-ის iPhone-ებზე კი 25%-იანი ტარიფები დააანონსა.

მოგვიანებით, ოვალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა დაადასტურა, რომ ტარიფი, Apple-სთან ერთად, Samsung-სა და ყველა სხვა ბრენდზე გავრცელდება, რომელიც სმარტფონს აწარმოებს. მისი თქმით, ევროკავშირისთვის ტარიფები 1 ივნისიდან, სმარტფონებისთვის კი ივნისის ბოლოდან ამოქმედდება.

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტარიფების მიზეზი აშშ-ის მიმართ არასათანადო დამოკიდებულება, კერძოდ კი ევროკავშირში ამერიკული ავტომობილების გაყიდვის შეზღუდვაა.

ტრამპის თქმით, ის ევროკავშირთან შეთანხმებას არ ელის, რადგან შეთანხმება უკვე არის 50%-იან ტარიფზე, თუმცა, თუ ევროპული ბრენდები საწარმოს აშშ-ში ააშენებენ, ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

საპასუხოდ, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, მაროს სეფკოვიჩმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მზადაა შეთანხმებისთვის, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

ევროკავშირმა გასულ წელს აშშ-ში 500 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა. ფარმაცევტული ნაწარმი, ავტომობილები, ავტონაწილები, ქიმიკატები და საფრენი აპარატები კი ძირითადი სავაჭრო პროდუქტები არიან. შესაბამისად, 50%-იანი ტარიფი აშშ-ის სამომხმარებლო ფასებს თითქმის ყველა პროდუქტზე გაზრდის.

აპრილში დაანონსებული ტარიფების ძირითადი ნაწილი თეთრმა სახლმა დროებით შეაჩერა. ძალაშია მხოლოდ 10%-იანი საბაზისო ტარიფი 180-ზე მეტი ქვეყნისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *