ტრამპმა საუდის არაბეთში ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

ტრამპმა საუდის არაბეთში ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში საუდის არაბეთით დაიწყო. პრეზიდენტი ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში კატარს და არაბთა გაერთიანებული საამიროებსაც ეწვევა.

ტრამპი უკვე შეხვდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს და ეკონომიკურ პარტნიორობაზე შეთანხმებაც გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში აშშ და საუდის არაბეთი ითანამშრომლებენ სხვადასხვა დარგში მათ შორის ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებში. ტრამპი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთი ამერიკაში ჯამში ერთი ტრილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს. ტრამპთან ერთად ერ-რიადში ასევე იმყოფებიან მსხვილი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელები. თეთრი სახლის განცხადებით, ვიზიტის მიზანი რეგიონის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცებაა.

როგორც Reuters წერს, ვიზიტის ძირითადი მიზნები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონში არსებული პოლიტიკური საკითხებია როგორებიც არის ღაზაში არსებული ვითარება და ირანის ბირთვული პროგრამა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ტრამპი ისრაელში არ ჩავა, რაც აჩენს კითხვებს ვაშინგტონის ისტორიული მოკავშირე რამდენად პრიორიტეტულია ტრამპის მეორე ვადაში. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საუდის არაბეთი-აშშ-ის საინვესტიციო ფორუმის გამართვა.

ტრამპს ელოდნენ სტამბოლშიც, სადაც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ვლადიმერ პუტინს ჩავიდეს თურქეთში. როგორც Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი გაემგზავრებიან. ჯერჯერობით კრემლში არ ამბობენ ვინ წარმოადგენს რუსეთს ამ მოლაპარაკებებზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *