ტრამპმა, შესაძლოა, ყველა ახალდაბადებულს $1,000 ჩაურიცხოს

როგორ მდიდრდება დონალდ ტრამპის ოჯახი მისი პრეზიდენტობით?
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, რომლის მიზანი ამერიკელი ბავშვებისთვის სიმდიდრის შექმნაა. შედეგად, პრეზიდენტის მეორე ვადის განმავლობაში დაბადებულ ყველა ახალშობილს, შესაძლოა, სპეციალურ ანგარიშზე $1,000 ჩაერიცხოს, რომელსაც სარგებელი დაერიცხება.

ამ ანგარიშებს, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს, პრეზიდენტმა საკუთარი სახელი დაარქვა — “ტრამპის ანგარიში”. თავდაპირველად, აღნიშნული იდეა MAGA-ს სახელით იყო ცნობილი, რაც ქართულად “ზრდისა და განვითარებისთვის განკუთვნილ ანგარიშად” ითარგმნება, მაგრამ რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა სახელწოდება გაამარტივეს.

ვინ მიიღებს “ტრამპის ანგარიშს”? ინიციატივა ავტომატურად გავრცელდება სოციალური უსაფრთხოების ნომრის მქონე ყველა ახალშობილზე, რომელიც ამერიკაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2029 წლის 1-ელ იანვრამდე დაიბადება. ანგარიშებს გახსნის და დააფინანსებს ამერიკის ხაზინა, ხოლო მართვა ბანკებს და საინვესტიციო კომპანიებს დაევალებათ.

„ტრამპის ანგარიშები“ სხვა საინვესტიციო ანგარიშების მსგავსად ფუნქციონირებს. საწყისი $1,000-ის გარდა, ბენეფიციარის ოჯახის წევრებს და სხვა პირებს წლიურად მაქსიმუმ $5,000-ის შეტანა შეუძლიათ. ფული საფონდო ბირჟაზე განთავსდება და, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში გაიზრდება.

საინტერესოა, რომ თანხის გამოყენებას ბენეფიციარი მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მიზნებისთვის შეძლებენ. ამ ჩამონათვალში ხვდება განათლება, პირველი ბინის შეძენა, ან მცირე ბიზნესის წამოწყება. სხვა დანიშნულებით თანხის გამოყენების შემთხვევაში ბენეფიციარს შესაძლოა დაეკისროს 10%-იანი ჯარიმა, ხოლო თანხა დაიბეგრება, როგორც ჩვეულებრივი შემოსავალი.

გეგმის თანახმად, თანხის ნახევრის გამოყენებას ბენეფიციარი 18 წლის ასაკში შეძლებს, ხოლო 25-დან 30 წლამდე ასაკში ანგარიშზე სრულ წვდომას მიიღებს, ოღონდ მხოლოდ მიზნობრივი ხარჯებისთვის. 30 წლის შემდეგ ანგარიშიდან თანხის მოხსნა უკვე ნებისმიერი დანიშნულებით იქნება შესაძლებელი.

თუ კონგრესი და ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმდებიან, ეს პროგრამა ბავშვთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საინტერესო საპილოტე პროექტი იქნება, რომელმაც, შესაძლოა, ამერიკელ ბავშვებს დიდძალი სიმდიდრე მოუტანოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *