სრული აკრძალვა ეხება შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: ავღანეთი, ბურმა, ჩადი, კონგო, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალია, სუდანი და იემენი.
ნაწილობრივი აკრძალვა კი შემდეგი შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს უწესდებათ: ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა-ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა.
გამონაკლისები გათვალისწინებულია აშშ-ში ლეგალურად მუდმივი მცხოვრებლებისთვის, აქტიური ვიზების მფლობელებისთვის, ვიზების გარკვეული კატეგორიებისა და იმ პირებისთვის, რომელთა შესვლაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.
ქვეყნების სია შედგენილია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, რომელსაც ისინი იანვრიდან, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ახორციელებენ.
„ქვეყნების სია პერიოდულად გადაიხედება იმის მიხედვით, იქნება თუ არა არსებითი გაუმჯობესება. ასევე, შესაძლოა სიას დაემატოს ახალი ქვეყნები, გამომდინარე იქიდან, რომ საფრთხე მთელ მსოფლიოში ჩნდება, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანების შემოსვლას, რომლებსაც ჩვენთვის ზიანის მოყენება სურთ. ვერაფერი შეგვიშლის ხელს ამერიკის უსაფრთხოების დაცვაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
თეთრი სახლის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში 9 ივნისს შედის.