ტრამპმა Temu-ს, Shein-სა და მსგავსი ჩინური კომპანიების მცირე ამანათებზე ტარიფი შეამცირა

ტრამპმა Temu-ს, Shein-სა და მსგავსი ჩინური კომპანიების მცირე ამანათებზე ტარიფი შეამცირა
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მცირე ზომის ამანათებზე, რომლებიც ჩინეთიდან და ჰონკონგიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნება, იმპორტის ტარიფი შემცირდა – ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკის ქვეყანას შორის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთისთვის დაწესებულ ტარიფებს 90 დღით შეამცირებენ.

თეთრი სახლის განცხადებით, $800-მდე ღირებულების მცირე ზომის ამანათებზე ტარიფი 120%-ის ნაცვლად, 54%-მდე შემცირდება.

2 მაისის შემდეგ გაგზავნილ ამანათებზე, ერთ ნივთზე ფიქსირებული $100-იანი მოსაკრებელი კვლავ შენარჩუნდება, თუმცა $200-იანი გადასახადი, რომელიც 1 ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ, ვიდრე ტრამპი სატარიფო ომს წამოიწყებდა, ელექტრონული კომერციის ჩინური პლატფორმები, Shein და Temu “de minimis”, იგივე საგამონაკლისო წესით სარგებლობდნენ, რაც საშუალებას აძლევდათ, იაფფასიანი პროდუქცია პირდაპირ ამერიკელი მომხმარებლისთვის გაეგზავნათ, საბაჟო და იმპორტის გადასახადებისთვის გვერდის ავლით. საგამონაკლისო წესი ტრამპის გადაწყვეტილებით თვის დასაწყისში გაუქმდა.

ცნობისთვის, 12 მაისს ამერიკამ და ჩინეთმა ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარეები 90 დღის განმავლობაში ერთმანეთზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, აშშ ჩინური პროდუქციისთვის დაწესებულ ტარიფს 145-დან 30%-მდე შეამცირებს, ხოლო ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ გადასახადს – 125-დან 10%-მდე. შეთანხმებამდე ჩინეთს ამერიკისთვის 125%-იანი ტარიფი, აშშ-ის კი ჩინურ პროდუქციაზე 145%-იანი ტარიფები ჰქონდა დაწესებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *