“ტურისტების ზრდა ბიზნესს არ ეტყობა” – “ჰოთ თრეველ გრუპის” დამფუძნებელი

“ტურისტების ზრდა ბიზნესს არ ეტყობა” – “ჰოთ თრეველ გრუპის” დამფუძნებელი

„ბიზნესს არ ეტყობა ტურისტების ზრდა,“- ასე ეხმიანება კომპანიების “თრიფზისა” და “ჰოთ თრეველ გრუპის” დამფუძნებელი თამარ ჩხიკვაძე ტურიზმის პირველი კვარტალის სტატისტიკას.

მისი კომპანიის მაგალითზე ჩხიკვაძე ამბობს, რომ უცხოელი ტურისტების ნაკადი ევროპიდან და აშშ-დან წლიურად 70%-ით შემცირდა. ანალოგიურად კლებაა გამყვან ტურიზმშიც. ტურისტული კომპანიების დამფუძნებლის თქმით, ტურიზმის ბიზნესში არსებული რეალობა ოფიციალურ სტატისტიკას არ ემთხვევა.

“სტატისტიკა ერთი გვაქვს, მაგრამ ფაქტები მეორე. ბიზნესს არ ეტყობა ტურისტების ზრდა, შესაბამისად არც სასტუმროებია დატვირთული, არც რესტორნებს ეტყობა სტუმრების სიმრავლე, არც ტუროპერატორებს. ის, რომ წინა წელთან შედარებით 2%-ით არის ზრდა, ჩვენს შემთხვევაში პირიქით, 70%-ით დაკლებულია ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით.

თუ მომატებულია ტურისტი, ეს უნდა იგრძნოს პირველ რიგში სრულიად ბიზნესმა, არა ერთმა ან ორმა კომპანიამ, ერთმა ან ორმა სასტუმრომ, უნდა იგრძნოს სრულიად ბიზნესმა. ვერ ვიტყვი, რომ რეალობა სტატისტიკას შეესაბამება. ალბათ ეს სტატისტიკა მოიაზრებს არამხოლოდ ტურისტების, არამედ მთლიანი ვიზიტორების შესახებ ინფორმაციას, თორემ სხვა შემთხვევაში ტურიზმში ზრდა ნამდვილად არ არის“,-აცხადებს თამარ ჩხიკვაძე.

ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელი საერთაშორისო ტურისტების კლებას ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ არასტაბილური გარემო არამხოლოდ შემომყვან, არამედ გამყვან ტურიზმზეც აისახა.

„ჩვენი ბაზრები ევროპაა, აშშ, კანადა, ძირითადად დიდ ჯგუფებზე ვმუშაობთ, წელს ვისი ჯავშნებიც გვქონდა, აბსოლუტურად ყველამ გადადო, ველოდებით ზაფხულს. ყველაზე რელევანტური მსყიდველუნარიანი ბაზარი ევროპაა. ევროპელი ტურისტი საშუალოდ 250 ევროს დახარჯავს დღის განმავლობაში, ხოლო აზიური ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი 110 დოლარია. სხვაობა ხომ არის?! ჩვენი სტუმრები მაქსიმალურად თავს იკავებენ, ამიტომ გვაქვს კლება. მიმდინარე მოვლენები პირდაპირ აისახება ტურიზმზე, რადგან უპროგნოზოა სიტუაცია, პირველ რიგში ეს უტყამს ტურიზმს. სხვა ბიზნესები ჯერჯერობით თუ ვერ გრძნობენ, ეტაპობრივად აბსოლუტურად ყველასთან მივა ეს შედეგი.

იგივე ხდება გამყვან ტურიზმშიც. წინა წელთან შედარებით 60-70%-ით არის შემცირებული გამყვანი ტურიზმის მიმართულებით მომხმარებელთა მომართვიანობა და გაყიდვები. 10 წელია ბაზარზე ვართ და 10 წლის განმავლობაში მსგავსი სეზონი არ გვქონია, არცერთ შემთხვევაში, თუ არ ჩავთვლით პანდემიას“,-აცხადებს თამარ ჩხიკვაძე.

ოფიციალური მაჩვენებლები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუშინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, იანვარ-მარტში, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პირველ კვარტალში 958,947 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2.2%-ით მეტი, ვიდრე შარშან. 2.3%-ით გაიზარდა შემოსავლები ტურიზმიდან, რამაც 826 მილიონი დოლარი შეადგინა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *