ტურისტების ნაკადი 70%-ით შეგვიმცირდა, 60-70%-იანი კლებაა გამყვან ტურიზმშიც – თამარ ჩხიკვაძე

ტურისტების ნაკადი 70%-ით შეგვიმცირდა, 60-70%-იანი კლებაა გამყვან ტურიზმშიც – თამარ ჩხიკვაძე

კომპანიების “თრიფზისა” და “ჰოთ თრეველ გრუპის” დამფუძნებელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამოქვეყნებულ ტურიზმის პირველი კვარტალის სტატისტიკას არ ენდობა და აცხადებს, რომ “ბიზნესს ტურისტების ზრდა არ ეტყობა”.

თამარ ჩხიკვაძის თქმით, საერთაშორისო ტურისტების ნაკადი მათი კომპანიის შემთხვევაში 70%-ით შემცირდა. ანალოგიური სიტუაციაა გამყვან ტურიზმშიც.

“სტატისტიკა ერთი გვაქვს, მაგრამ ფაქტები მეორე. ბიზნესს არ ეტყობა ტურისტების ზრდა, შესაბამისად არც სასტუმროებია დატვირთული, არც რესტორნებს ეტყობა სტუმრების სიმრავლე, არც ტუროპერატორებს. ის, რომ წინა წელთან შედარებით 2%-ით არის ზრდა, ჩვენს შემთხვევაში პირიქით, 70%-ით დაკლებულია ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით.

თუ მომატებულია ტურისტი, ეს უნდა იგრძნოს პირველ რიგში სრულიად ბიზნესმა, არა ერთმა ან ორმა კომპანიამ, ერთმა ან ორმა სასტუმრომ, უნდა იგრძნოს სრულიად ბიზნესმა.

იგივე ხდება გამყვან ტურიზმშიც. წინა წელთან შედარებით 60-70%-ით არის შემცირებული გამყვანი ტურიზმის მიმართულებით მომხმარებელთა მომართვიანობა და გაყიდვები. 10 წელია ბაზარზე ვართ და 10 წლის განმავლობაში მსგავსი სეზონი არ გვქონია, არცერთ შემთხვევაში, თუ არ ჩავთვლით პანდემიას.

რასაც ვაკვირდები, ქართველები თანხებს ზოგავენ, იჯავშნება მიმართულებები, მოთხოვნა არის, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, თანხებს უფრთხილდებიან. ფულის დახარჯვის შიშია, ან სავიზო რეგულაციებზეა შიშები, ვფიქრობ მიზეზი ესაა“, აცხადებს თამარ ჩხიკვაძე.

2025 წლის პირველი კვარტალის ოფიციალური მაჩვენებლები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუშინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, იანვარ-მარტში, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პირველ კვარტალში 958,947 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2.2%-ით მეტი, ვიდრე შარშან. 2.3%-ით გაიზარდა შემოსავლები ტურიზმიდან, რამაც 826 მილიონი დოლარი შეადგინა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *