ტურისტულ სექტორში ფასების დემპინგი სახიფათო ტენდენციად ყალიბდება – “ოდა დიემსი”

ტურისტულ სექტორში ფასების დემპინგი სახიფათო ტენდენციად ყალიბდება – “ოდა დიემსი”

“ტურისტულ სექტორში ფასების დემპინგი სახიფათო ტენდენციად ყალიბდება”, – ამის შესახებ კომპანია “ოდა დიემსის” დამფუძნებელი, ვიკა შარია, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საუბრობს.

შარიას თქმით, საქართველოში შემოსული ყველა ვიზიტორი ავტომატურად ტურისტად ითვლება, რაც სტატისტიკური მაჩვენებლების სანდოობას საეჭვოს ხდის.

„არ ვდაობ სტატისტიკაზე, მაგრამ ყველამ ვიცით – ვინც არ უნდა გადმოაბიჯოს საქართველოს საზღვარს, ყველას ტურისტად აღრიცხავენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რელოკანტებიც ტურისტებად გაასაღეს. ეს, რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება“, – აღნიშნა შარიამ.

თუმცა, მისი თქმით, პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებზე, როგორიცაა მაგალითად ყაზბეგი და სიღნაღი, სასტუმროები მართლაც შევსებულია და მაღალი დატვირთვა ფიქსირდება. როგორც ის ამბობს, Rooms Kazbegi-ში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ბიუჯეტური სასტუმროა რეგიონში, მხოლოდ სამი თავისუფალი დღე იყო ივნისში. მიუხედავად ამისა, შარია ტურიზმის სექტორში ფასების არაჯანსაღ კლებაზე ამახვილებს ყურადღებას: „სასტუმროები მირეკავენ და მეკითხებიან, ჯგუფები ხომ არ მყავს. როცა ვეკითხები, თქვენ არ გყავთ ჯგუფები? – მეუბნებიან, კი გვყავს, მაგრამ 2 და 3 კაპიკად. ფასები ისეა დადემპინგებული, რომ 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროებიც იძულებულები არიან ფასის დაკლებაზე წავიდნენ“, – ამბობს ვიკა შარია.

მისივე თქმით, ეს ტენდენცია განსაკუთრებით აზარალებს მცირე, ბუტიკურ და ადგილობრივ სასტუმროებს, რომლებიც იძულებულნი არიან მომსახურება 40-50 დოლარად შესთავაზონ სტუმარს – და ისიც ხშირად არ იყიდება. ამან კი გაყიდვების გუნდებზე ზეწოლა გააძლიერა, რასაც შედეგად ცუდი სამუშაო გარემო და შემცირებული მოტივაცია მოჰყვება.

ვიკა შარიას შეფასებით, ეს მდგომარეობა ტურიზმის სექტორისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მეტად საზიანო იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *