მემორანდუმი იწყება იმის აღნიშვნით, რომ ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია. მემორანდუმის თანახმად, უკრაინამ და აშშ-მა უნდა შექმნან უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდი და ამ საკითხზე, როგორც მემორანდუმიდან ხდება ცნობილი, ვაშინგტონში 11-12 აპრილს მხარეებს შორის შეხვედრაც გაიმართა.
ასევე, 21 აპრილს აშშ-ში პრემიერ დენის შმიგალის ვიზიტიც იგეგმება, რა დროსაც აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელს სკოტ ბესენტს შეხვდება. როგორც ტექსტშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანია ფონდის შექმნასთან დაკავშირებული დარჩენილი დეტალების გავლა და საბოლოოდ მომზადება. საბოლოო დოკუმენტი, რომელიც მხარეებმა უნდა გააფორმონ უკრაინის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების სახელითაა ცნობილი. უკრაინის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ამერიკელ ხალხს სურს უკრაინელ ხალხთან ერთად ინვესტირება თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში, აშშ და უკრაინა მიისწრაფვიან უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და მტკიცე პარტნიორობისკენ და აპირებენ შექმნან საინვესტიციო ფონდი უკრაინის აღსადგენად.
მინერალების შეთანხმების ირგვლივ, რომელიც ომის დასრულების წინაპირობას წარმოადგენს, კვლავ გაურკვევლობაა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისგან ითხოვს კრიტიკული მინერალების, ნავთობისა და გაზის რესურსების 50%-ის გადაცემას, რაც, მისი თქმით, აშშ-ის მიერ ომის პერიოდში გაწეული დახმარების კომპენსაციას წარმოადგენს. ამასთან, აშშ-ის მოთხოვნაა, რომ უკრაინამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC) გადასცეს კონტროლი რუსული გაზის ევროპაში გამტარ მთავარ მილსადენზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ მოთხოვნებს “კოლონიურ შანტაჟად” აფასებს და თანაბარ, 50-50%-იან განაწილებას ითხოვს, თანაც უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.