უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის როუმინგის ზონას უერთდებიან

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის როუმინგის ზონას უერთდებიან
უკრაინამ ევროკომისიას საბოლოო ოფიციალური შეტყობინება წარუდგინა, რომლითაც ადასტურებს, რომ გაატარა ყველა აუცილებელი საკანონმდებლო პროცედურა იმისთვის, რომ ევროკავშირის როუმინგის ზონას შეუერთდეს – ამის შესახებ RFE/RL-ის რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.

მისი ინფორმაციით, ანალოგიურ განცხადებას სულ მალე წარადგენს მოლოდვაც და ორივე ქვეყანა EU-ს როუმინგის ზონას “Roam like home”, 2026 წლის 1 იანვრიდან შეუერთდება.

“ვიცი, რომ სიტყვა “ისტორიულს” დღესდღეობით გადაჭარბებულად იყენებენ, თუმცა ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა”, – დაწერა იოზვიაკმა X-ზე.

ცნობისთვის: ევროკავშირის როუმინგის ზონა 27 სახელმწიფოს, მათ შორის ნორვეგიის, ისლანდიისა და ლიხტენშტაინის ტერიტორიებს აერთიანებს და მოგზაურებს დამატებითი ხარჯის გარეშე მობილურ სიგნალზე წვდომის საშუალებას აძლევს. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა როუმინგის ზონას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები შეუერთდებიან.

ამასთან, ევროკავშირსა და უკრაინას შორის 2023 წლის ასოცირების შეთანხმების დოკუმენტში ევროკომისიამ როუმინგიც შეიყვანა. ამავე წლის აპრილში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინის როუმინგ ზონაში მიღებას, რისთვისაც უკრაინას ევროკავშირის ბაზრის რეჟიმზე მორგებული პირობები უნდა შეექმნა.

EU-ს ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთების მიზნით, შესაბამისი პროექტი საქართველოშიც მიმდინარეობს. საჭირო დოკუმენტი, როგორც ამას პარლამენტარები შარშან აცხადებდნენ, 2025 წელს უნდა მომზადდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *