უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლში, უკრაინის და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა, 2 საათზე ნაკლებს გაგრძელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული მხარე რუსულ დელეგაციას თარჯიმნის მეშვეობით ესაუბრა.

შეხვედრის შედეგებზე ოფიციალური დეტალები უცნობია, თუმცა მედია სხვადასხვა წყაროს მოშველიებით ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინულმა დიპლომატიურმა წყარომ Sky News-ს განუცხადა, რომ რუსეთმა წამოაყენა “არარეალური” მოთხოვნები, რომლებიც სცილდება “ყველაფერს, რაც კი ოდესმე განიხილებოდა”. ზოგიერთი მოთხოვნა მოიცავს უკრაინის ჯარების გაყვანას საკუთარი ტერიტორიიდან, როგორც ცეცხლის შეწყვეტის პირობა, იტყობინება წყარო.

მედია ასევე უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დელეგაციას „არ ჰქონდა მანდატი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად“.

ეს პირველი პირდაპირი მოლაპარაკებაა კიევსა და მოსკოვს შორის 2022 წლის შემდეგ. მას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი თავმჯდომარეობდა.

უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, ხოლო რუსულ მხარეს კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. როგორც უმეროვმა შეხვედრამდე განაცხადა, უკრაინა მზადაა „უმაღლეს დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის“ და „ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისთვის“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *