დღეს, 21 მაისს მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველი ანდრეი პორტნოვი შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს. შემთხვევა დილის საათებში, ამერიკულ სკოლასთან მოხდა, როდესაც პორტნოვმა შვილები სკოლაში დატოვა. თვითმხილველებმა AP-ს განუცხადეს, რომ პორტნოვი საკუთარ მანქანაში ჯდებოდა, როდესაც შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელეს. გარდაცვლილს ერთი ტყვია თავის, ხოლო დანარჩენი სხეულის არეში აქვს მოხვედრილი. ამის შემდეგ თავდამსხმელები ადგილიდან გაიქცნენ. მადრიდის სასწრაფო დახმარების სამსახურის განაცხადებით, პორტნოვი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ — მას 3 გასროლით ჰქონდა სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. ანდრეი პორტნოვი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველი იყო და 2010 წლიდან 2014 წლამდე პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2018 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა პორტნოვის წინააღმდეგ, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გამოძიება დაიწყო — მას რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიაში მონაწილეობას ედავებოდნენ. 2021 წელს კი პორტნოვი აშშ-მ დაასანქცირა, როგორც “პასუხისმგებელი ან თანამონაწილე სახელმწიფო ქონების მითვისებაში, პირადი სარგებლობისთვის კერძო ქონების ექსპროპრიაციაში”.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველი მადრიდში, სკოლის წინ მოკლეს
