როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღე საზეიმოა მთელი თავისი შინაარსით.
„მინდა, უწმინდესსა და უნეტარესს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ეს დღე გვაჩუქა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველ წელს ასე ვზეიმობთ ამ დღეს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რომ კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ქართული საზოგადოებისთვისაც მოეხვიათ თავს ხელოვნური და მანკიერი იდეოლოგია, ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.
„ჩვენ გვჭირდება ფასეულობების გარშემო ერთიანობა და მადლობა უნდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის, მადლობა უნდა გადავუხადოთ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, რომელიც მიუძღვება დღევანდელ მსვლელობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისა და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. დღევანდელი დღე არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი არის ძლიერი და მტკიცე და საზოგადოება დგას მტკიცედ ფასეულობების სადარაჯოზე. იცით, რომ არის საკმაოდ პრობლემური ტენდენციები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც არის აბსოლუტურად ხელოვნური. კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებისთვისაც თავს მოეხვიათ აბსოლუტურად ხელოვნური, მანკიერი იდეოლოგია, თუმცა ხედავთ, რომ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხია წარმატებული და ქართული საზოგადოება მტკიცედ იცავს, სწორედ, ტრადიციულ ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რომელსაც ისტორიულად ეფუძნებოდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი,“- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს. მას “ქართული ოცნების” საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან, ადგილზე იმყოფება თბილისი მერი კახა კალაძე, ასევე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილი. პარაკლისის დასრულების შემდეგ მსვლელობა იგეგმება.
17 მაისი საქართველოს პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ 2014 წელს გამოაცხადა.