“უნდა დადგინდეს, გახდა თუ არა ადამიანების გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფოს უმოქმედობა” – ომბუდს

“უნდა დადგინდეს, გახდა თუ არა ადამიანების გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფოს უმოქმედობა” – ომბუდს
სახალხო დამცველი ე.წ. შოვის საქმის გამოძიების პროცესში პრობლემებზე მიუთითებს. საკითხი ომბუდსმენის 2024 წლის ანგარიშში მოხვდა.

2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიური მოვლენის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 პირის ცხედარი აღმოჩენილი არ არის და დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის; ასევე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს შსს-მ ომბუდსმენის აპარატს, საგამონაკლისო წესით, უფლება მისცა გასცნობოდა საქმეს.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ამ საქმის გამოძიებისას სახელმწიფომ უპირველეს ყოვლისა უნდა დაადგინოს, გახდა თუ არა შოვში ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ადამიანების გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფოს უმოქმედობა. ამ თვალსაზრისით, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს სახელმწიფოში მოქმედი ეროვნული სამართლებრივი რეგულაციების არსებობის საკითხი და გამოკვეთოს, გატარდა თუ არა პრევენციული ღონისძიებები. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ადრეული გაფრთხილებისა და განგაშის სისტემების არსებობა-არარსებობის საკითხი და მიზეზები.

სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის გამოძიებას არ დაუდგენია, იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა სახელმწიფოს მოსალოდნელი სტიქიის შესახებ, რათა სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებებით თავიდან აერიდებინა ადამიანების სიცოცხლის უფლების დარღვევა. გამოძიებას ასევე არ მოუპოვებია დეტალური ინფორმაცია ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ადრეული გაფრთხილებისა და განგაშის სისტემების დამონტაჟების კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებებისა და მათი შესრულების თაობაზე”, – წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველის შეფასებით, შესწავლილი საქმის მასალებით იკვეთება რამდენიმე ფაქტორი, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობის შესაძლო ცოდნაზე ან/და იმ გარემოებაზე, რომ ასეთი ინფორმაცია სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია გამოძიებამ გამოკვეთოს, სტიქიის რისკების შესამცირებლად ახდენდა თუ არა სახელმწიფო რაიმე სახის რეაგირებას ამ მონაცემებზე დაყრდნობით, და თუ არა – რატომ.

ომბუდსმენის თანახმად, მოცემულ ეტაპზე, გამოძიებას არ გამოუკვლევია რატომ არ მონაწილეობდა 3-4 აგვისტოს ღამეს სამაშველო პროცესში მაშველთა სრული შემადგენლობა.

საგულისხმოა, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, 15:07 საათზე, 112-ზე პირველი შეტყობინება შევიდა და დადასტურდა ვერტმფრენის მოთხოვნაც. თუმცა ვერტმფრენი სტიქიის ზონაში თითქმის 3 საათის შემდეგ, 18 საათზე ჩავიდა თბილისიდან, ხოლო მე-2 – 19 საათზე. ცხადია, საგანგებო სიტუაციის დროს, შემთხვევის ადგილზე, მეწყერში მოყოლილი ადამიანების სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ვერტმფრენის ჩაფრენის 3-საათიანი დრო, საქართველოს ტერიტორიის ფართობის გათვალისწინებით, არაგონივრულია.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების 5 დრონი მონაწილეობდა, თუმცა არცერთი დრონის ოპერატორს არ ჩაუწერია დათვალიერების პროცესში ფოტო ან ვიდეომასალა, გარდა ამბროლაურის განყოფილებისა, რომელმაც 18-19 საათამდე გადაიღო რამდენიმე ფოტო და ვიდეო და შტაბში გადააგზავნა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება სხვა ნეიტრალური მტკიცებულებები და მხოლოდ დრონის ოპერატორების ჩვენებით დასტურდება, რომ მთელი ღამით „live” რეჟიმში მიმდინარეობდა დათვალიერება და არ აღმოუჩენიათ ან დაუნახავთ ადამიანი”, – წერია დოკუმენტში.

სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი და დაადგინოს სტიქიის და სამაშველო ღონისძიების დროს სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესრულების ან შეუსრულებლობის საკითხი. შესაბამისად, საჭიროა, დადგინდეს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა).

ამასთან, საქმის სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება უნდა წარმართოს საქართველოს პროკურატურამ. ამას გარდა, გამოძიების საგანი უნდა გახდეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების ქმედებების შეფასება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *