უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

უშბაზე ექსპედიციის დროს 28 წლის ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ალპინისტის ოჯახის ახლობლებმა გაავრცელეს. “დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ უშბაზე ექსპედიციის დროს ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას. ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან”, – აღნიშნულია Adrenaline-ის სამძიმრის ტექსტში. სვანეთში სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაცია გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც. მათ ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი მესტიაშია ჩასვენებული. “საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა ოთხი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან. უმოკლეს დროში მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად. მეხანძრე-მაშველების მიერ 3 600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა სამი პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში”, — ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *