ფაშინიანი მილიარდერ სამველ კარაპეტიანისთვის სომხეთის ელექტროსისტემის ჩამორთმევას გეგმავს

ფაშინიანი მილიარდერ სამველ კარაპეტიანისთვის სომხეთის ელექტროსისტემის ჩამორთმევას გეგმავს
სომხეთის მთავრობა მილიარდერ სამველ კარაპეტიანის Tashir Group-ისთვის სომხეთის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის ჩამორთმევას გეგმავს. სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანია კერძო საკუთრებაში 2002 წელს განხორციელებული პრივატიზაციის შემდეგაა, თავდაპირველად მას რუსული გიგანტი RAO ფლობდა, 2015 წელს კი ის სამველ კარაპეტიანის ბიზნეს ჯგუფის საკუთრებაში გადავიდა. ამჟამად კომპანიას სამველ კარაპეტიანის ახლო ნათესავი, ნარეკ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, სომხეთის ელექტროსისტემის აქტივები 337,910,223,000 დრამი, ანუ 884 მილიონი დოლარია, ხოლო 2024 წელს კომპანიის შემოსავალმა 528 მილიონი დოლარი, მოგებამ კი 47 მილიონი დოლარი შეადგინა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამველ კარაპეტიანს სომხეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებებისთვის ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ სომხური მედია ბიზნესმენის ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ სამველ კარაპეტიანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მან ასევე განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანის დაკავების მოთხოვნით სასამართლოს საგამოძიებო კომიტეტმა მიმართა. ადვოკატმა ლიანა გასპარიანმა ასევე განმარტა, რომ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის წარდგენილი, რაც ირონიულია, რადგანაც ეს მუხლი სასჯელის სახით ასევე ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

„ეს არის საშუალო სიმძიმის დანაშაული და ასეთი მუხლით პირის პატიმრობა მთელი ამ პროცესის უკანონობის დასტურია, რაზეც ჩვენ ყველა ინსტანციაში ვისაუბრებთ“, – განაცხადა გასპარიანმა.

ერევანში სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერის სამველ კარაპეტიანის სახლში ჩხრეკა 17 ივნისს ჩატარდა. news.am წერდა, რომ რუსმა მეწარმემ ერევანში თავისი სახლი საკუთარი ფეხით დატოვა და პოლიციის მანქანაში ჩაჯდა.

„ჩემი გზავნილი იგივეა – მე ჩემი ეკლესიის, ჩვენი ხალხის გვერდით ვარ. როგორც არ უნდა ეცადონ ჩემს გაშავებას, მიმიფურთხებია მათსა და მათ ელექტროქსელებზე. ყველაფერი კარგად იქნება. ხალხით თავის სიტყვას იტყვის და ისინი მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ“, – თქვა სამველ კარაპეტიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავისი სახლის დატოვების შემდეგ.

17 ივნისს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერატიული სამუშაოების შედეგად დაკავებულია ადამიანების ჯგუფი, თუმცა გუშინ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად კარაპეტიანის დაკავების შესახებ სომხური ოფიციალური უწყება ინფორმაციას არ ავრცელებდა. რასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მილიარდერის სახლში ჩხრეკა, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. მილიარდერის მომხრე მედია წერდა, რომ ეს კარაპეტიანისა და სომხეთის ხელისუფლების დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული. „ეხო კავკაზა“ წერს, რომ მილიარდერი სომხეთის ეკლესიას საჯაროდ უჭერს მხარს, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა. მაშინ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფი ეკლესიას ებრძვის და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას თავისებურად შეეწინააღმდეგებოდა. ფაშინიანი ამას სოციალურ ქსელში გამოეხმიანა და დაწერა, რომ კარაპეტიანს დაავიწყდა, რომ ეს არ არის კალუჟსკის ოლქის რომელიმე სოფელი, არამედ ეს სომხეთია.

Forbes-ის რუსული რედაქციის მიხედვით, სამველ კარაპეტიანის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენს და ის რუსეთი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *