საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – ირაკლი ბერაია წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ფინანსთა მინისტრმა სამსახურის ყოფილ უფროსს, ლევან კაკავას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ლევან კაკავას ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულმა რეფორმებმა ხარისხობრივად გაზარდა, როგორც კონტროლის, ისე სერვისების მიმართულებები.
შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და უწყების 2025-2030 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს ხვდება დიდი გამოცდილებისა და პროფესიონალების გუნდი. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელის პირობებში, კვლავ ეფექტიანად გაგრძელდება საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების, ასევე სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს მხარდაჭერის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები.
უწყების ახალმა ხელმძღვანელმა გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს. როგორც ირაკლი ბერაიამ განაცხადა ბოლო წლებში შემოსავლების სამსახურში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის, უწყების ციფრული ტრანსფორმაციის, სერვისების განვითარებისა და სხვა მიმართულებებით.
როგორც მან აღნიშნა, იგი მზადაა უწყების თანამშრომლებთან ერთად, გაგრძელდეს მუშაობა იმ სტრატეგიული მიმართულებების წარმატებით განხორციელებაზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ეფექტიან და თანამედროვე საჯარო სერვისებზეა ორიენტირებული.
შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებს წლების განმავლობაში ღირსეულად მუშაობისთვის და ირაკლი ბერაიას წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პროცესში.