ფქვილის მწარმოებლები ბაზარზე, მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მთავრობას რამდენიმე ინიციატივით მიმართავენ
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ფქვილის ბაზარზე არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობას რამდენიმე გადაწყვეტილების მიღებას სთავაზოვს. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ფქვილის სავალდებულო მარკირება, წისქვილების რეესტრის შექმნა და ასევე პურის ინდექსის დაწესება.
საქმე ის არის, რომ პურის მცხობელები დარგობრივ სამინისტროს ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის გადახედვას სთხოვენ. მიზეზად ბაზარზე გადასახადის გამო, იმპორტირებული ფქვილის გაზრდილ ფასს და სხვადასხვა ხარისხის ფქვილზე ფინანსური ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ასახელებენ. პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფქვილის იმპორტის დამაბალანსებელი გადასახადი ამოქმედდა, მეპურეებს რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა, ამიტომ მწარმოებლები იძულებული არიან მხოლოდ ადგილობრივ წისქვილებში წარმოებული ფქვილი იყიდონ, რომლის ხარისხობრივი პარამეტრები მეპურეებისთვის არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში არ იზიარებენ მეპურეთა შეფასებებს იმის შესახებ, თითქოს, ფქვილის იმპორტზე დაწესებულმა გადასახადმა ქვეყანაში რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და იმ შეფასებას, რომ რუსული ფქვილის საქართველოში წარმოებულზე უკეთესია.
“ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაუქმება ორ დარგს გააჩერებს” – მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ უკანასკნელ პერიოდში ხორბლის, ფქვილის და პურის ბაზარზე განვითარებული მოვლენების ირგვლივ საჯარო მსჯელობამ და წამოწეულმა პრობლემებმა, დღის წესრიგში უფრო მკაფიოდ დააყენა რიგი საკითხებისა, რომლებიც გადაუდებელ გადაწყვეტას მოითხოვს.
“იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ და იმპორტირებული ფქვილის ბაზარზე წლიდან წლამდე დღის წესრიგში პერიოდულად დგება ფქვილის ხარისხის, აღრიცხვიანობის, მიკვლევადობის შესახებ საკითხები, ეს იმას ნიშნავს რომ ამ საკითხების მოგვარება ფუნდამენტური ფაქტორების გადაწყვეტის გარეშე ვერ მოხერხდება.
ასოციაციას აღნიშნული პრობლემების ეფექტურ მოგვარების გზად მიაჩნია, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნეს რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლებიც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად და რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას უკეთესობისაკენ.
კერძოდ:
- როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული ფქვილი სავალდებულო მარკირებას დაექვემდებაროს. აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული ფქვილის აღრიცხვიანობას და მიკვლევადობას – აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივა არის პირველი პრეცედენტი, როდესაც დარგი თავისი ინიციატივით მიმართავს სახელმწიფოს აღრიცხვიანობის და მიკვლევადობის საკითხების საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტის მიზნით (აქამდე სავალდებულო მარკირების და ლიცენზირების საკითხები სახელმწიფოს ინიციატივით ხორციელდებოდა)
საქართველოს კანონმდებლობით ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარგის მიმართვის საფუძველზე, ფქვილის როგორც არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნუსხაში შეტანის შესახებ – (საქართველოს კანონმდებლობით ფინანსთა მინისტრის მიერ არის განსაზღვრული სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები. მაგალითისათვის – დღეის მდგომარეობით აღნიშნული ნუსხასში განაზღვრულია სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებულია ადგილობრივი წარმოებული/იმპორტირებული წყლები და სასმელები (არაალკოჰოლური სასმელები), რამაც თავისი ეფექტურობა დაამტკიცა ამ დარგებში აღრიცხვიანობის მოწესრიგების კუთხით , როგორც მნიშვნელოვანმა და ეფექტურმა მექანიზმმა)
2. შეიქმნას საქართველოში მოქმედი წიქვილკომბინატების რეესტრი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციის გზით. აღნიშნული უზრუნველყოფს მთელი ინდუსტრიის სწორი კონკურენციის სამუშაო ველში მოქცევას, ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ფქვილის წარმომავლობის დადგენას და ხარისხის კონტროლს.
3. ასევე, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია “პურის ინდექსის“ შექმნის და მისი ყოველთვიურად გამოქვეყნების შესახებ ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ინიციატივა მომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ პურის ფასთან და მისი ცვლილებების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მუდმივად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ვფიქრობთ, “პურის ინდექსში” შემავალი კომპონენტების – პირველი ხარისხის ფქვილის, საფუარის, ზეთის, მარილის და სხვა ინდეგრიენტების ყოველთვიური ცვლილების ანალიზი, საშუალებას მისცემს როგორც სპეციალისტებს, ასევე საზოგადოებას სწორად იქნეს დანახული და შეფასებული – რომელი კომპონენტების და რა დოზით ცვლილება აისახება პურის საბოლოო ფასზე.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, მზად არის დამატებით ნებისმიერი ინიციატივის განხილვაში ჩაერთოს, რომელიც ხელს შეუწყობს , აღნიშნული დარგებში მუშაობის გაუმჯობესებას”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.