ექსპოზიციაში ყველაზე დიდი წილი ქალ სტუდენტებს უკავათ. ტავ ჯორჯიამ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან პარტნიორობით სტუდენტური კონკურსი გამოაცხადა. შერჩეული ნამუშევრები კი Women’s ART day at Tbilisi International Airport-ის ექსპოზიციაში მოხვდა. დაინტერესება და აქტივობა სტუდენტთა მხრიდან მაღალი იყო. კონკურსში მონაწილეობა სამხატვრო აკადემიის 100-მდე სტუდენტმა მიიღო.
ასევე, ექსპოზიციაში წარმოდგენილია თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ბენეფიციარ ქალთა ნამუშევრები. გამოფენის ორგანიზებაში ჩართული იყო ასევე სამხატვრო გალერეა “გამრეკელი”. ქალი მხატვრების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე ნამუშევარი თავად კომპანია ტავ ჯორჯიამ შეიძინა.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი ღონისძიების ორგანიზების პარალელურად ტავ ჯორჯია მემორანდუმებს აფორმებს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან და თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან. აკადემიასთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თბილისის აეროპორტში საექსპოზიციო სივრცეების დათმობაა, ასევე სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის ფარგლებში სტუდენტების ნამუშევრების გამოყენება მათი პოპულარიზაციისთვის. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი კი ამ დაწესებულების ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის დასაქმების პლატფორმის შეთავაზებაა.
„ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს – ეს ღონისძიებაც სწორედ ამ მიდგომის ნათელი მაგალითია. გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა მხატვარ ქალებს და დავუთმოთ მათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პლატფორმა – აეროპორტის სივრცე, ნამუშევრების პოპულარიზაციისა და რეალიზაციისთვის. აეროპორტი ის ადგილია, სადაც თავს იყრის უამრავი ადამიანი – სხვადასხვა სეგმენტიდან, განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობებითა და გემოვნებით. მით უმეტეს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პერიოდში, როდესაც ტერმინალში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სივრცე და ექსპოზიცია ქალ ხელოვანებს მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს. აეროპორტში გამოფენილი ნამუშევრები ათასობით ქართველ და უცხოელ მოგზაურს ხვდება თვალში – ეს მათთვის არის არა მხოლოდ პერსონალური ზრდისა და წარმატების შესაძლებლობა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფრო ფართო მიზნისკენ.” – აცხადებს ტავს ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.
ტავ ჯორჯია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი სოციალური პროექტის ინიციატორი და პარტნიორი იყო. საქველმოქმედო და სოციალური აქტივობებისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიას 3 მილიონ ლარამდე აქვს დახარჯული.