“ქართველი ტურისტი ევროპული ბიზნესისთვის საინტერესო არ არის” – ტუროპერატორი

“ქართველი ტურისტი ევროპული ბიზნესისთვის საინტერესო არ არის” – ტუროპერატორი
ტუროპერატორი სოფო დარბაიძე მიიჩნევს, რომ ქართველი ტურისტი ევროპული ბიზნესისთვის საინტერესო არ არის, რის გამოც ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება საქართველოს ინტერესებში უფროა, ვიდრე – ევროკავშირში. ამის შესახებ ტურისტული კომპანია “მილქი ვეის” დამფუძნებელმა “საქმიანი დილას” ეთერში, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ცნობისთვის, ევროკავშირი გეგმავს, წლის ბოლომდე გაამკაცროს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მექანიზმი იმ 61 ქვეყნისთვის, რომელთანაც უვიზო რეჟიმი აქვს გახსნილი. მათგან ერთ-ერთი საქართველოა.

“საქართველოში ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ასეთი კომენტარებიც, რომ “შეგვეხვეწონ, რომ შევიდეთ [EU-ში], რაც არასერიოზული მგონია; ქართველი ტურისტი ევროპული ბიზნესისთვის საინტერესო არ არის. უხეში შედარებით, როგორც ქართული შემომყვანი ტურიზმისთვის ინდოელი ტურისტი დიდი ვერაფერი საინტერესოა, რადგან შემოდის ნაკლები დანახარჯებით და მეტი ცვეთით გადის, ასე ვართ ქართველი ტურისტებიც, სამწუხაროდ. მინიმალური ბიუჯეტი გვაქვს, ვმოგზაურობთ და უფრო მეტად ვცვეთთ რაღაცებს, ვიდრე სარგებელი მოგვაქვს.

მარტივი პარალელი შეგვიძლია გავავლოთ მეზობელ აზერბაიჯანთან, რომელმაც სახმელეთო საზღვარი დაგვიხურა პანდემიის დროს. პანდემიამდე, შეიძლება ითქვას, ათასობით ქართველი ტურისტი შეგვყავდა ამ ქვეყანაში – საერთოდ არ დასტყობია მათ ეკონომიკას, რომ ჩვენ იქ აღარ შევდივართ 5 წელია, ასე რომ, მით უმეტეს ევროპა არაფერს დაკარგავს ჩვენთან პარტნიორობის გაწყვეტით. ერთადერთი, ვისი ინტერესიც არის შენარჩუნება, ისევ ჩვენ ვართ”, – ამბობს სოფო დარბაიძე.

როგორც ის აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების თემის გააქტიურება უკვე აისახა ტურისტულ კომპანიებზე, რადგან მოგზაურები, არასტაბილური ვითარების გამო, ზედმეტი ხარჯების გაწევას ერიდებიან.

მეგობრულ საუბრებში [მილქი ვეის მომხმარებლები] პირდაპირ ამბობენ იმას, რომ ერიდებიან ზედმეტი ხარჯების გაწევას და დააკვირდებიან სიტუაციას. ბევრი მგზავრი გვყავს ასეთი, იგივე ვიზალიბერალიზაციის გამო, მარტივად ვეღარ იღებენ გადაწყვეტილებას. წინა წლებში თუ მქონდა რესურსი, რომ ერთი წლით ადრე დამეგეგმა მოგზაურობები, რაც ჩემთვისაც სასარგებლო იყო და მგზავრისთვისაც, ვეღარ ვახერხებ და ვეღარ ვრისკავ, როგორც კომპანია, რადგან არ ვიცი, რა იქნება ზეგ და არც მგზავრმა იცის. ყველა ვაკვირდებით, რომ ასეთი სიტუაციაა და ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხის წამოჭრამ და საუბრებმა, სინამდვილეში, ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ ყველაფერზე”, – აღნიშნა “მილქი ვეის” დამფუძნებელმა.

როგორც სოფო დარბაიძე აღნიშნავს, ის მოგზაურებიც, რომლებიც თავს არ იკავებენ ქვეყნის დატოვებისგან, ბიუჯეტურ მიმართულებებზე არიან კონცენტრირებული, მაღალბიუჯეტურ ქვეყნებში კი ვეღარ მოგზაურობენ.

ჩვენი კომპანიის მაგალითზე, 100 მომხმარებლისგან 99, გამარჯობის შემდეგ გვეუბნება სიტყვას – “ბიუჯეტური”. ჩემი აზრით, ეს ეკონომიკურ მდგომარეობას კარგად აჩვენებს, რომ აქ ადამიანები კარგად არ ცხოვრობენ. მათთვის აღარ აქვს მნიშვნელობა ზედმეტ კომფორტს და ფუფუნებას, უბრალოდ სადმე უნდათ, რომ წავიდნენ. ყველაზე ხშირად დაბალბიუჯეტიან ქვეყნებში მოგზაურობენ, როგორიცაა ზაფხულისთვის კვიპროსი, უნგრეთი, ჩეხეთი… ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა შვეიცარია და დანია, უბრალოდ ვერ ვმოგზაურობთ, რისი მაგალითიცაა “ვიზეარის” მიერ ფრენების შეწყვეტა კოპენჰაგენში. იმიტომ რომ ბორტზე უბრალოდ არავინ ადიოდა”, – განაცხადა ტუროპერატორმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *