კონგრესმენის თქმით, „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა.
„დაახლოებით 12 წლის წინ მე ვიმყოფებოდი საქართველოში იმ არჩევნებზე, რომლის შედეგადაც „ქართული ოცნება“ აირჩიეს. მაგრამ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ იქცა. ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არალეგიტიმურმა „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 2024 წლის არჩევნები – მათ მართლაც გააყალბეს ეს არჩევნები ამ შემთხვევაში. მას შემდეგ მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციები არ წყდება. „ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზება გაუწია მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვას, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებას მომიტინგეების უკანონოდ დაპატიმრებისა და ბრალდების წასაყენებლად…
ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია უჭერს მხარს თავისუფლებას საქართველოში და ახლაც არ დავუშვათ გამონაკლისი. „მეგობარი აქტი“ ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. როგორც ჰელსინკის კომისიის მაღალი რანგის წევრი, ვამაყობ, რომ დემოკრატიული პარტიიდან „მეგობარი აქტის“ წარმდგენი ვარ ჩემს მეგობარ ჯო უილსონთან ერთად.
ეს აქტი შეაფასებს საქართველოს მთავრობის ყველა თანამდებობის პირს სანქციების თვალსაზრისით. თუ დადგინდება, რომ ისინი ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას ან კორუფციაში არიან ჩართულნი, მათ სანქციები დაეკისრებათ. ასევე, მომზადდება ანგარიში საქართველოში რუსეთის სადაზვერვო აქტივებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ძირგამოსათხრელად რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ.
კანონპროექტი და ხედვა ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ძლიერ ურთიერთობას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც მისივე კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და რასაც მისი ხალხი მოითხოვს“”, – განაცხადა სტივ კოენმა.