სცენარი მეორდება – “ქართული ოცნების” შეფასებით, ეროვნული ერთობის დღეს, ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებას და სახალხო ზეიმის სახალხო დაპირისპირებად ქცევას გეგმავს. ეს დაკვეთა კი მმართველი გუნდის განცხადებით, ოპონენტებმა ქვეყნის გარედან მიიღეს.
ქუჩის პროტესტი “ნაციონალური მოძრაობისთვის” ბრძოლის უალტერნატივო სტრატეგიაა. პროცესების რადიკალიზაციასთან დაკავშირებით, მათივე პარტიის ყოფილი თავმჯდომარის საჯარო განცხადებებს დღეს უარყოფენ, თუმცა პირდაპირ ამბობენ რომ საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს ერთიანობის დღეს ვის გვერდით იდგება.
“ნაციონალური მოძრაობა” ქუჩის პროტესტით, “კოალიცია ძლიერი საქართველო” კი ეროვნულ დღესასწაულს მარშით ხვდება. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც საზოგადოებას ორად ყოფს, ეს მმართველი გუნდია.
ეროვნული დღესასწაულის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენება მიუღებელია გახარიას გუნდისთვის. ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ რუსთაველზე ხალხთან ერთად იქნება, თუმცა დამოუკიდებლად და არც ერთი პლატფორმის ფარგლებში.
დაპირისპირება და დესტაბილიზაციის მცდელობა – “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან რომ 26 მაისისთვის მათი ოპონენტების გეგმა, ქვეყანაში არეულობის მოწყობაზე გადის. ამის თქმის საფუძველს კი მმართველ გუნდს სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან, საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და იმ ევროპელი პოლიტიკოსების დაანონსებული ვიზიტი აძლევს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსამართლო განცხადებებით გამოირჩევიან.
ეროვნული დღესასწაულის დადგომამდე 2 დღე რჩება. 26 მაისის გეგმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორთან ერთად, კონსულტაციებს სალომე ზურაბიშვილთან თითქმის ყოველდღიურად მართავს.