ლაღიძის ქუჩაზე მდებარე, ქართული რესტორანი „მარგალიტა“, რომელიც ვინტაჟური ინტერიერით და ცოცხალი მუსიკით არის გამორჩეული, ბოლო თვეებში მოთხოვნის მნიშვნელოვან კლებას განიცდიდა.
რესტორნის დამფუძნებელი, ალიკა ტერტერაშვილი BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შედეგად, მათმა ბიზნესმა მოთხოვნის 80%-მდე კლება განიცადა. რამაც, რესტორნის ფუნქციონირების სტრატეგიის შეცვლა და ადგილობრივ მომხმარებელზე ორიენტირება განაპირობა.
რეტრო სტილის რესტორანი „მარგალიტა“ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ტურისტული ობიექტი მომხმარებელს ქართულ, ოჯახურ კერძებს და ცოცხალ მუსიკას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ობიექტი სწორედ მაშინ გაიხსნა, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძოდა და ფაქტობრივად ყველაფერი იკეტებოდა. თუმცა, იმისათვის, რომ ბიზნესი გადაერჩინათ, მათ ობიექტის გახსნა მოუწიათ.
მისივე ცნობით, იმის მიუხედავად, რომ რესტორანი ტურისტულ ლოკაციაზეა, მათი სტუმრების 90% ქართველები არიან. ესეც იმიტომ, რომ ბოლო თვეებში ტურისტული ნაკადები ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ არის.
„სივრცეს „მარგალიტა“ ბებიის პატივსაცემად დავარქვით. მომხმარებელს საღამოს 8 საათიდან ღამის 11 საათამდე ცოცხალ მუსიკას, ქალაქური ფოლკლორულ საღამოებს ვთავაზობთ, ხოლო რესტორანი 00:00 საათამდე მუშაობს. რესტორანში სამზარეულო არის ქართული, ოჯახური კერძები.
მართალია ობიექტი ტურისტულ ლოკაციაზე მდებარეობს, თუმცა ის ტურისტულად მოწყობილი არ არის, რათა მომხმარებელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს. უფრო სახლური ტიპის რესტორანია.
ბოლო რამდენიმე თვეა, მოგეხსენებათ ტურისტული მიმართულებით რთული მდგომარეობაა. ფაქტობრივად, ამ თვეების განმავლობაში ტურისტი არ იყო და მოგვიწია ქართველ მომხმარებელზე გადავწყობილიყავით. ფაქტობრივად, 80%-მდე ვარდნა გვქონდა. ახლა 70%-ით ვართ დატვირთული და მომხმარებელთა რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება. ამ ეტაპზე, 90%-ით ქართველები გვსტუმრობენ, ხოლო 10%-მდე საერთაშორისო სტუმრები გვყავს“, – ამბობს ალიკა ტერტერაშვილი.
ინფორმაციისთვის, რესტორანი “მარგალიტა” ლაღიძის #1 ნომერში მდებარეობს და მომხმარებელს ქართულ კერძებს თანამედროვე სერვისით სთავაზობს.