საქმე ისაა, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ის რეგისტრაციის შეწყვეტის შემდეგ, ENQA-მ ორი წლით დაკვირვების ქვეშ მყოფი სააგენტოების ჩამონათვალში გადაიყვანა.
ექსპერტი რეპუტაციული ზიანის მიღმა, ყურადღებას საქართველოში მიღებული განათლების ევროპაში აღიარების საკითხზე ამახვილებს, რაზეც მისივე თქმით, EQAR-ის რეგისტრაციიდან ამოღება მნიშვნელოვნად იმოქმედებს.
“ორივე ორგანიზაციის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია, EQAR-ის რეესტრიდან ამოღება და ასოციაციის წევრობაში უკვე კითხვის ნიშნების შეტანა და დაკვირვების ქვეშ სტატუსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის. პირველ რიგში, ეს ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანია საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცისთვის, რასაც შეიძლება დღეს ვერ ვხედავთ, მაგრამ ეს აუცილებლად გამოჩნდება და აისახება შემდეგ პარტნიორობებში, თან თუ დამატებით გავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ კონტექსტს და თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც დღეს მმართველ პარტიას აქვს. ასევე, ხშირად კითხვები ისმება, არის თუ არა ეს აღიარებასთან დაკავშირებული. EQAR-ის წევრობა პირდაპირ და ცალსახადაა დაკავშირებული აღიარების პროცესის გამარტივებასთან, ეს ასახულია როგორც EQAR-ის, ისე განათლების ხარისხის ვებგვერდზე, როდესაც მათ მიიღეს EQAR-ის წევრობა და წერდნენ, რომ ეს გაამარტივებს აღიარების პროცესს. როდესაც საქართველოში კურსდამთავრებულს სჭირდება განათლების მიღების გაგრძელება ან მუშაობა ევროპის ქვეყნებში, მან უნდა მიმართოს იქაურ სააგენტოებს, რომლებმაც უნდა უღიარონ აქ მიღებული კვალიფიკაცია. ისინი უყურებენ, რამდენად სანდოა ხარისხი, რომელიც ამ ქვეყანაში მიიღწევა და EQAR-ის წევრობა სწორედ ამ ხარისხის სანდოობის მაჩვენებელია. შესაბამისად, როდესაც ქვეყანა არაა EQAR-ის წევრი, ნიშნავს, რომ დამატებით უნდა გადაამოწმონ პროგრამა, რომელიც გაიარე, შესაძლებელია მოითხოვონ სილაბუსები და თან, ეს მარტო იმას არ ეხება, რომ შემოწმება პროცედურულად იქნება ხანგრძლივი პროცესი, ის რომ ქვეყანა არღვევს იმ სტანდარტებს, რომელიც მოითხოვება ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნითაც ხარისხის შეფასება ობიექტური და გამჭვირვალე აღარაა”,- ამბობს განათლების ექსპერტი.
შეგახსენებთ, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაკვირვების ქვეშ მყოფი სააგენტოს კატეგორიაში (member under review) გადავიდა, სადაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება. ასოციაციის ბორდი გადაწყვეტილების მიზეზებს შორის იმას ასახელებს, რომ ცენტრი ვერ აკმაყოფილებს წევრობისთვის მოთხოვნილ კრიტერიუმებს, კერძოდ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სტანდარტებს. ის სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრის ორგანიზაციული და ოპერატიული დამოუკიდებლობის საკითხზე.
ამასთან, ცენტრს შეუწყდა EQAR-ში რეგისტრაცია, რაც ევროპის ქვეყნების განათლების სისტემებს შორის ხარისხის ნდობის და მიღებული განათლების აღიარების გამარტივების წინაპირობაა. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გასულ წელს აცხადებდნენ, რეგისტრაციის შეჩერებაზე EQAR-ის გადაწყვეტილება გასაჩივრდებოდა, თუმცა, როგორც მიმდინარე წელს BM.GE-მ გაარკვია, ცენტრს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.