“ქვეყნის ინტერესებს არასდროს არ უნდა ვეთამაშოთ” – ზვიად ჭუმბურიძე “ოცნებას” მიმართავს

“ქვეყნის ინტერესებს არასდროს არ უნდა ვეთამაშოთ” – ზვიად ჭუმბურიძე “ოცნებას” მიმართავს
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესაბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის აზრით, „ქვეყნის ინტერესებს არასდროს არ უნდა ვეთამაშოთ“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში სტუმრობისას, „ქართული ოცნების“ ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს.

„უპატიებელი შეცდომა არავინ უნდა დაუშვას. გაუფრთხილდნენ შვილების თაობას“ – აღნიშნა მან მმართველი პარტიის საქმიანობის შეფასებისას.

ზვიად ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით ჩიხურ მდგომარეობაშია და ისეთი პროცესი წამოიწყეს, რომლის ხელიდან არგაშვებას რუსეთი ძალიან ეცდება.

„საქართველოს ისტორიის მხოლოდ ერთ მონაკვეთში კი არ აქვს რუსეთთან დაპირისპირება, არამედ ეს არის ჩვენი მხრიდან მუდმივი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, მათი მხრიდან კი – მუდმივი ბრძოლა დამოუკიდებლობის შეზღუდვისთვის. რუსული პოლიტიკური ვექტორის მიზანი სულ იყო საქართველოს ტერიტორიების ხელაღებით მითვისება, რასაც დროებით მიაღწიეს კიდეც. ამდენად, ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს მმართველ პარტიას. მათ არ უნდა აიღონ ისეთი ვალდებულებები, რომელიც რუსეთს კიდევ უფრო გააგულისებს და უფრო მეტ მოტივაციას მისცემს, რომ როგორც ოკუპირებულ ქვეყანას, უფრო დაუნდობლად მოექცეს; გამორიცხულია, შენ რაღაც დათმობაზე წახვიდე და ისინიც დათმობაზე წამოვიდნენ“, – განაცხადა დიპლომატმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში ზვიად ჭუმბურიძე – „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების – საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერების დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურეს, სადაც “ოცნების” ქმედებები მაკრონმა, მერციმ და ტუსკიმ ერთობლივი განცხადებით დაგმეს.

„მარკო რუბიოს განცხადებაშიც და „ვაიმარის სამკუთხედის“ განცხადებაშიც და მთავარი აქცენტი იყო ხალხზე. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ შემადგენლობას ახსნა არ სჭირდება, რომ როდესაც საფრანგეთი და გერმანია – ყველაზე დიდი მოთამაშე ევროპულ განზომილებაში და, რა თქმა უნდა, პოლონეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია საქართველოსი, ასეთ განცხადებას ავრცელებენ, ეს მმართველი პარტიისთვის სერიოზულად დამაფიქრებელი უნდა იყოს“, – აღნიშნა EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა.

ზვიად ჭუმბურიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზა დიალოგზე გადის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *