“მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა. 2012 წელს, როცა დაარსდა პარტია – „ქართული ოცნება“, ჩემი სურვილით მოვედი პარტიაში და დავიწყე საქმიანობა, 2012 წლიდან ვემსახურები პარტიას და ქართველ ხალხს, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქში საქმიანობა და მოქალაქეების გვერდში დგომა, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ ერთად და ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.
მადლობას ვუხდი ქობულეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი კეთილი საქმეების განხორციელებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – წერს გოგიტიძე.
გოგიტიძე ამ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. უკვე რამდენიმე კვირაა “ქართულ ოცნებაში” საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს. ბოლოს 14 მაისს ხელმძღვანელები/მოვალეობის შემსრულებლები შეიცვალნენ და დაინიშნნენ 5 პოზიციაზე.
- ვაკის გამგებელმა დავით კვინიკაძემ თანამდებობა დატოვა. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ის რეგიონული განვითარების სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ის კომპანიაში ალექსანდრე თევდორაძის შეცვლის. bm.ge-ს კომპანიაში უთხრეს, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მიზეზები კი მათთვის უცნობია;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურმა კომისიამ ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცა და ბრძანებას კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. 7 მაისით თარიღდება “ოცნების” პრემიერის ბრძანება ყოფილი ხელმძღვანელის კობა კობიძის განთავისუფლების შესახებ. მიზეზი უცნობია;
- ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა. მიზეზად ამ შემთხვევაშიც პირადი განცხადება დასახელდა;
- ბათუმის გადამდგარი მერის, არჩილ ჩიქოვანის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
- “ოცნების” მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა.